ნეტგაზეთი | გომელაური “საჭიროების შემთხვევაში” გუმათში გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას არ გამორიცხავს გომელაური “საჭიროების შემთხვევაში” გუმათში გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას არ გამორიცხავს – Netgazeti
RU | GE  

გომელაური “საჭიროების შემთხვევაში” გუმათში გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას არ გამორიცხავს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების რიონის ხეობაში შეშვების შემთხვევაში მეტი დაძაბულობა იქნება, ამიტომ პოლიცია ყველაფერს გააკეთებს დაპირისპირების ასარიდებლად, მათ შორის, რკინის ჯებირების გამოყენებით.

გომელაური ასევე მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმს აქვს უფლება, მის ხელთ არსებული ყველა აღჭურვილობა გამოიყენოს მომიტინგეების წინააღმდეგ.

“რამდენიმე თვეა, პოლიციელები დგანან იქ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია. ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ამ დრომდე ნამდვილად არ მომხდარა, მომიტინგეები იცავდნენ დისტანციას. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები თუ რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება… იცით, ერთხელ ტექნიკა დაუწვეს შიგნით, შეხლა-შემოხლა მოხდა მუშებთან და “ენკას” ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ [მომიტინგეები], იქ მოხდება მეტი დაძაბულობა, შეიძლება, დაშავდნენ კიდეც. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს დანიშნულება, — მათ შორის გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება, — თუ საჭირო იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გუმათში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობის მიმართულებით გადაადგილება გუშინ ღამით კვლავ სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. ადგილზე მობილიზებულა საპოლიციო ძალები და რკინის ბარიკადებია აღმართული.

დაძაბული ვითარება რიონის ხეობაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.