ახალი ამბები

ევროპაში ნებადართული გახდა “ფაიზერის” ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება

28 მაისი, 2021 • 1021
ევროპაში ნებადართული გახდა “ფაიზერის” ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა ამ ვაქცინას მოზარდების ასაცრელად. 16 წელს ზემოთ ადამიანებითვის “ფაიზერის” ვაქცინა ამ დრომდეც ნებადართული იყო.

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ “ფაიზერის”  ვაქცინას ამერიკასა და კანადაში უკვე აქვს 12 წელს ზემოთ მოზარდებში გამოყენების უფლება.

როგორც BBC წერს, ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინების სტრატეგიის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ განაცხადა, რომ 12-15 წლის მოზარდებში “ფაიზერის” ვაქცინამ დაცვის მაღალი დონე აჩვენა. ასევე, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მსგავსია ზრდასრულებში გამოვლენილ გვერდით ეფექტებთან.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრაა ნებადართული. 18-45 წლის მოქალაქეებს ვაქცინაცია შეუძლიათ ჩინური წარმოების “სინოფარმისა” [ამჟამად ამოწურულია პირველი დოზისთვის] და “სინოვაკის” ვაქცინებით. 45 წელს ზემოთ კი შესაძლებელია “ასტრაზენეკათი” აცრა. ჯერჯერობით საქართველოში სხვა ვაქცინების მარაგი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი