ახალი ამბები

მე მასწავლით ქრისტიანობას, რა დროს სამკლაურზე საუბარია? — მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს

27 მაისი, 2021 • 4503
მე მასწავლით ქრისტიანობას, რა დროს სამკლაურზე საუბარია? — მაკა სულაძე ფალავანდიშვილებს

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორებს, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათის მიზეზი გახდა 24 მაისს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო აქციის დატოვება აიძულა სხვა თანამოაზრეებთან ერთად.

“ჩვენ ხომ მოვუწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ. მიწა გამოგვეცალა ფეხქვეშ, გადაგვიღობეს ხეობა, მე პირადად ეკლესიაში ვერ მივდივარ, სახლში ვერ მივდივარ და რა დროს ერთმანეთზე მარკების მიწებებაა?” — მიმართა მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს.

მისი თქმით, ყველას თანაბარი უფლება აქვს, დაიცვას ქართული მიწა და საარსებო გარემო.

“ქრისტიანობა რა არის? შემწყნარებლობაა ქრისტიანობა. ურთიერთტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული ჩემიო — არ გაგიგონიათ? რა გამოდის, გამაგებინეთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში იმიტომ ჩამოვიდნენ და ხეობაში იმიტომ დავბრუნდით, რომ ვარჩიოთ რომელიმე პროპაგანდა… ის რატომ აკეთებს, ეს რატომ აკეთებს და პარტიების დღის წესრიგები ვარჩიოთ? მე მასწავლით კიდევ ქრისტიანობას, ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში. ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. გვყავს ჩვენ ბიჭები. შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით, თავის იდეოლოგიას მოახვევს თავზე, არ მოგვეწონება? — საკმარისი ძალა გვყავს, მივლენ ჩვენი ბიჭები და სრულიად უხმაუროდ… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა”, — განაცხადა მაკა სულაძემ.

სულაძის თქმით, აქციის ორგანიზატორები თავად მიუთითებენ მონაწილეებს წესებზე, რომელიც მათ შორის მოიცავს, სიმბოლიკის არდაშვებას და ფალავანდიშვილების ჩარევა საჭირო არ არის.

მაკა სულაძე: მე როცა ჩემს გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება, იმ სტუმარს  მივუთითო, დაჯდები თუ არა აქ და სხვა სტუმარს არ აქვს ამის უფლება.

გურამ ფალავანდიშვილი: თუ სამკლაური უკეთია და თქვენ არ გაიყვანთ, გაიყვანს ხალხი

— თქვენ დამაცადეთ, სამკლაური შემემჩნია თუ არა? სამკლაურზე საუბარია? ქვეყანა გამოგვეცალა ხელიდან, თქვენ კიდევ დასდევთ ლგბტ-ებს.

ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური აქციების ორგანიზატორები, მამა-შვილმა გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებმა 26 მაისს განცხადებას გაავრცელეს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს გააკრიტიკეს იმისთვის, რომ ისინი “არ გაემიჯნენ ლგბტ აქტივიზმს”.


მანამდე გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო აქციის დატოვება აიძულა. რიონის რეობის აქტივისტები ძალადობას გაემიჯნენ, თუმცა თქვეს რომ ეროვნულის გარდა სხვა სიმბოლიკა აქციებზე დაშვებული არ არის.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა სულაძემ  განაცხადა, რომ საკუთარ ჯვარს, რომელიც პროტესტის მიმდინარეობისას მუდამ თან ჰქონდა, აქციის მსვლელობისას აღარ ატარებდა. როგორც სულაძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს უხერხულობა არ შეუქმნას და  ასევე მაგალითს აძლევს მათ, “ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ატაროს”.

 

ფალავანდიშვილები “რიონის მცველებს” აკრიტიკებენ “ლგბტ აქტივიზმისგან გაუმიჯნაობის გამო”

მასალების გადაბეჭდვის წესი