ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხვალიდან ისინი თბილისიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და იქიდან გააგრძელებენ პროტესტს. ამის შესახებ გოლეთიანმა დღევანდელ აქციაზე განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, ხვალ, 16:00 საათზე დედაქალაქში ჩატარდება აქცია და პროტესტის მონაწილეები მოქალაქეებს მიმართავენ, ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები კოლონებით დაიძრებიან რიონის ხეობისკენ.

“სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია, მათ შორის დასკვნითაც, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებითაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაშია, ვინც აქ მოდის და მოვა მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა ის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება სჩადის და აკეთებს. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ [მშენებლობის ადგილას], ხელი შევუშალოთ კომპანიას და არ მივცეთ საშუალება ისარგებლონ იმით, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქნათ ჩვენს თანამემამულეებს და მათ ხეობის ნგრევა გააგრძელონ იქ”, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, გოლეთიანის თქმით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ადამიანები რუსთაველის ქუჩის გავლით ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ და იქ გადაკეტავენ გზას.