ახალი ამბები

რეკომენდაციები გაიცა, ყველას გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა – სარჯველაძე ნამახვანჰესზე

25 მაისი, 2021 • 1164
რეკომენდაციები გაიცა, ყველას გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა – სარჯველაძე ნამახვანჰესზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ  ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე მის მიერ ხელმოწერილი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მოიცავდა რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებებზე იყო დამოკიდებული.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება სავალდებულო არ ყოფილა.

“მე ამ შენიშვნების შინაარსი დეტალურად არ მახსოვს. საკმაოდ ხშირად გაიცემოდა დასკვნა ასეთ ტიპის ხელშეკრულებებზე, ზოგჯერ- დადებითი, ზოგჯერ -უარყოფითი. ეს მუდმივად ხდებოდა და ამიტომ, მე მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. კონკრეტულ დეტალებზე მაქვს საუბარი. თუმცა, რაც არის იქ საკითხები, იქნებოდა რჩევა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება საკითხებზე და ამის მიხედვით მომხდარიყო ხელშეკრულებების ცალკეული პირობების აწონ-დაწონვა.  მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ რეკომენდაციისა და შენიშვნის გათვალისწინება/არგათვალისწინების საკითხი.

მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს. იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკებების პროცესში ერთი მხარისგან  ან მეორე მხარისგან დასათმობი. ისე, როგორც, მაგალითად, სხვადასხვა საკითხი შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში. ამიტომ ეს უკვე მომლაპარაკებელ მხარეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იყო კორექტული. შესაბამისად, რამდენად გამოვიდა ყველა შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება… სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია”, — განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძე ამბობს, არ იცის, რამდენად მოხერხდა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება. მისი თქმით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა.

ამასთან, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია ნამახვანსჰესთან მიმართებით არ შეცვლილა.

“სამწუხაროდ, ხელშეკრულება არ არის პროცესი, როდესაც ერთ მხარეს შეუძლია მეორეს უკარნახოს პირობები. ეს, ჩვეულებრივ, შეთანხმების საგანია და ამიტომ არ ვიცი, როგორ გაითვალისწინეს გაცემული რეკომენდაციები. მე ვფიქრობ, ვერ მოხერხდებოდა, თუმცა კარგი იქნებოდა”, — განაცხადა სარჯველაძემ.

“მთის ამბებმა” მოიპოვა ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უწყების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე საჯარო არ იყო. დასკვნა 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს და მთავრობას სწორედ იმ საკითხების შეცვლისკენ მოუწოდებს, რომლებიც ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის მთავარი საფუძველია.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. იუსტიციის სამინისტროს დასკვნა კი 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული. დოკუმენტს ხელს აწერს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე. ხელშეკრულების სამართლებრივი რისკების შეფასება სწორედ იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი