ახალი ამბები

სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის ამ აქციების რეალური მიზანი – თალაკვაძე ნამახვანზე

25 მაისი, 2021 • 1008
სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის ამ აქციების რეალური მიზანი – თალაკვაძე ნამახვანზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კითხვები ჩნდება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების მიზნის მიმართ და მათ საჯარო განმარტებები უნდა გააკეთონ.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა უკავშირდება იმას, არის თუ არა ეს აქციები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული.

“თუ მთავარი საკითხები რაც იყო: მშენებლობა შეჩერებულია, კონტრაქტის გადამოწმება და შეფასება ხდება და გარემოზე ზემოქმედება ხელახლა იქნება შესწავლილი, მაინტერესებს, რა არის ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს აქციის ორგანიზატორები აყენებენ. უკვე ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზანი და, ვფიქრობ, უკვე მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

რეალურად, საქართველოს სტრატეგიული ინტერესი გახლავთ შემდეგი, რომ გაიზარდოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ჩვენმა ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენეგია. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. გვაინტერესებს, როცა ყველა კითხვაზე იყო შემხვედრი პოზიციები, იყო მოწოდება დიალოგისკენ მზადყოფნაზე, საგნობრივი საუბრის, მაშინ რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა ეს მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის დღეს მთავარი კითხვები, რაზეც ჩვენ პასუხები უნდა მოვისმინოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეფასებები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი