ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” გასხვისებული წილის დასაბრუნებლად სამთვიანი ვადა მისცა

20 მაისი, 2021 • 1001
კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინს” გასხვისებული წილის დასაბრუნებლად სამთვიანი ვადა მისცა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, “კავკასუს ონლაინი” სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და კომპანიას  უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

კომისიის განცხადებით, 22 მარტს მათთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, “კავკასუს ონლაინმა” ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი მიჰყიდა კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული პარტნიორი  კომპანია ,,HARRIMAN LTD” არის, რომელშიც თავის მხრივ წილებს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი ფლობს.

“გამომდინარე იქიდან, რომ “კავკასუს ონლაინს” მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომუნიკაციების კომისიაში არ წარმოუდგენია, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინის“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 2019 წლიდან ითხოვს”, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

კომისიის განცხადებით, კანონის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას, კანონის შესაბამისად, სოლიდური ფულადი ჯარიმები რამდენჯერმე აქვს დაკისრებული. 2020 წლის ბოლოს კი, კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი