ნეტგაზეთი | კავკასუს ონლაინის განმეორებითი სანქცირება დაუსაბუთებულია — “მედიის უფლებები“ კავკასუს ონლაინის განმეორებითი სანქცირება დაუსაბუთებულია — “მედიის უფლებები“ – Netgazeti
Batumelebi | RU

კავკასუს ონლაინის განმეორებითი სანქცირება დაუსაბუთებულია — “მედიის უფლებები“

ორგანიზაცია „მედიის უფლებების“ შეფასებით, „კავკასუს ონლაინის“ განმეორებითი სანქცირება სამართლებრივად დაუსაბუთებული და ბუნდოვანია.

საუბარია კომუნიკაციების კომისიის 20 მაისის გადაწყვეტილებაზე, რა დღესაც კომისიამ კავკასუს ონლაინისამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ მიიჩნია და კომპანიას  გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

„მარეგულირებელმა ორგანომ იდენტურ ფაქტზე კომპანიის მიმართ 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-20-18/527 და 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სანქცია გამოიყენა. თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში კომისიამ კომპანია სანქციისაგან გაათავისუფლა. #გ-21-18/291 გადაწყვეტილებას კომისია შემდეგნაირად ასაბუთებს: “შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის უკანონოდ შემძენმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წინაშე დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ აწარმოოს მოლაპარაკება შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის უკანონოდ შეძენის გამო მიმდინარე დავის მოსაგვარებლად და ამ მიზნით მოითხოვა საერთაშორისო არბიტრაჟის სხდომის გადადება, რომელსაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე – საქართველოს სახელმწიფო- და, შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ“.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ამ მოცემულობაში მიზანშეუწონლად მიაჩნია კომპანიისთვის საქნციის დაკისრება – „მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გადის ფინანსურ სანქციაზე (კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3%)“.

„შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”.

მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართადარღვევათა კოდექსით და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებით დადგენილი სტანდარტით, კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საკითხზე სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია“, – წერს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, მართალია, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონს, თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით,  შპს “კავკასუს ონლაინის” გათავისუფლების სარეზოლუციო ნაწილში არ იყო სათანადოდ განმარტებული კომპანიის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

„უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შესაძლებლებელია მხოლოდ მცირემნიშვნელოვანი გადაცდომისას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილია ზუსტი კრიტერიუმები: “თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო“, – მიიჩნევს ორგანიზაცია.


ორგანიზაციამედიის უფლებებიღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას  აკვირდება.  

 პროექტის — “კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგი მედიის უფლებებისთვის” — ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაუწყებელთა სანქცირების მართლზომიერების, კანონის მოთხოვნათა დაცვის და რეგულირების პროცესის გამჭვირვალობის  საკითხებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან