ახალი ამბები

იან კელი – ჩემი ელჩობის პერიოდში სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელნი არ იყვნენ

22 დეკემბერი, 2020 • 3283
იან კელი – ჩემი ელჩობის პერიოდში სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელნი არ იყვნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების ინტერესების დარღვევისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არქონის შესახებ ისაუბრა.

იან კელიმ საქართველოს შესახებ, სხვა დიპლომატებთან ერთად, ისაუბრა იგორ კუროპტევის პროგრამა “Пограничная ZONA-ის” ფარგლებში.

ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, ანაკლიის პორტი და კავკასუს ონლაინის საკითხი გახლდათ საქართველოს დასავლეთთან ფიზიკური დაახლოების საშუალება.

“თუ საქართველოს სურს დასავლეთთან ინტეგრაცია, ეს [ანაკლიის პორტი და კავკასუს ონლაინი] არის დაახლოების ფიზიკური გამოხატულება საზღვაო და ციფრული გზით, მე არ მომისმენია დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ შეჩერდა ეს კერძო პროექტები”, – აცხადებს იან კელი.

იან კელის თქმით, საქართველოში დგას სასამართლოების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ჩარევის პრობლემა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო დიდი პრობლემა. მე აღარ ვარ ელჩი საქართველოში და ახლა უნდა ვიყო უფრო მეტად ფრთხილი, მაგრამ მინდა ვისაუბრო ჩემს წარსულ გამოცდილებაზე, როცა ელჩი ვიყავი 2015-2018 წლებში. მე ვფიქრობდი, რომ უდიდესი შეშფოთება, რაც ვაშინგტონს უნდა ჰქონოდა საქართველოსთან დაკავშირებით, იყო პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულებაში ჩარევა.

სასამართლოები საქართველოში არ იყვნენ რეალურად დამოუკიდებლები. აქ იყო ჩარევა მართლმსაჯულებაში, განსაკუთრებით კი, უცხოური ინვესტიციების ნაწილში. ეს იყო ყველასთვის ცხადი, რომ არსებობდა კერძო ქართული ინტერესი უცხოურ ინვესტიციებში, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდებოდა. სასამართლო პროცესები ნამდვილად წარიმართებოდა უცხოელი ინვესტორების საწინააღმდეგოდ. ეს არის საშინელი სიგნალი უცხოელი ინვესტორებისთვის, თუ მათ არ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი ინვესტიციების უსაფრთხოების განცდა. ეს არის დიდი პრობლემა, რასაც სჭირდება მოგვარება და ნამდვილად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში”, – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.

მაღალი რანგის დიპლომატმა ასევე ისაუბრა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე და ამ პროცესში დემოკრატიისა და პლურალიზმის მნიშვნელობაზე.

“ბევრი მიზეზია, თუ რატომ სჭირდება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. არსებობს უსაფრთხოების მიზეზი, თუმცა ასევე აქ არის პოლიტიკური გარემოებაც და ეს არის ის, რომ დასავლეთს სჭირდება დემოკრატია და პლურალიზმი სამხრეთ კავკასიასა და ზოგადად ევრაზიულ რეგიონში. მე ვიტყოდი, რომ საქართველო ამჟამად იმყოფება ერთგვარ კრიზისში. იგი უნდა დაუბრუნდეს პლურალიზმის გზას და ჩემი გამოცდილება არის, რომ საუკეთესო გზა ამისათვის არის დემოკრატიულ სტანდარტების დაცვა, რასაც ნატოცა და ევროკავშირიც დაჟინებით მოითხოვენ საკუთარი წევრებისგან”, – განაცხადა იან კელიმ.


ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა ამერიკული საინვესტიციო კონტი ჯგუფი. პროექტის თანახმად, პორტი იქნებოდა პირველი ღრმაწყლოვანი პორტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და გაზრდიდა ტვირთების გატარებას აზიიდან ევროპაში და პირიქით.

მთავრობის პოზიციის მიხედვით, კონსორციუმმა, რომელშიც კონტი ჯგუფთან ერთად თიბისი ბანკიც შედიოდა, ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. პროექტის განხორციელება ჯერჯერობით შეჩერებულია.

სახელმწიფოს შეფასებით, კერძო კოპმანიამ კავკასუს ონლაინმა საკუთარი 49%-იანი წილი კანონის დარღვევით გაასხვისა. სანქციის ექვსჯერ გამოწერის შემდეგ კი სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა.

ამერიკელი ელჩების, კენეტ იალოცევის, ჯონ ტეფტის და უილიამ კორტნის თქმით, პროექტი, რომლის განხორციელების სურვილი მსხვილ საერთაშორისო ინვესტორს ჰქონდა, გულისხმობდა „ციფრული აბრეშუმის გზას“, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, შავი ზღვის და კავკასიის გავლით, ერთმანეთთან დააკავშირებდა ევროპას და ცენტრალურ აზიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი