ნეტგაზეთი | ლევან ვასაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის პასპორტსაც ფლობს ლევან ვასაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის პასპორტსაც ფლობს – Netgazeti
Batumelebi | RU

ლევან ვასაძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის პასპორტსაც ფლობს

ულტრანაციონალისტ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს, რომელმაც პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, ორმაგი — საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ეს დასტურდება საჯარო რეესტრში მის მიერ ატვირთული დოკუმენტაციით. ლევან ვასაძე საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთობა, რაობა, იმედი (ე.რ.ი.)” ერთადერთი დამფუძნებელი და წარმომადგენელია. ვასაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება. ვასაძე, რომლის განცხადებითაც, მისი პოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სუვერენობა იქნება, პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ აპირებს თუ არა რუსეთის მოქალაქეობის დათმობას.

“ჩემი რუსეთის მოქალაქეობა არ უშლის კანონის ფარგლებში იმას, რასაც ვაკეთებ. როგორც კი ის შევა [წინააღმდეგობაში] საქართველოს კანონმდებლობასთან, მე აუცილებლად ყოველთვის კანონმდებლობის ფარგლებში ვიმოქმედებ”, — განუცხადა ლევან ვასაძემ “ტვ პირველს”.

საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. თუმცა პარტიული საქმიანობის უფლება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს არ ეზღუდება.

ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რუსეთში აქვს ბიზნესიც. ვასაძეს რუსეთში ამჟამად ორ კომპანიაში აქვს წილი — ესენია შპს „პეტ რითეილი“ (ООО ПЕТ РИТЕЙЛ) და შპს „პრომეთეუს კაპიტალი“ (ООО ПРОМЕТЕУС КАПИТАЛ). ორივე მათგანი მოსკოვში, ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.

„პეტ რითეილი“

„პეტ რითეილი“, რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ცნობით, 2010 წლის 8 აპრილს არის რეგისტრირებული. ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ჩქარეულია, ხოლო კომპანიის ნომინალურ ღირებულებას რუსეთის საგადასახადო სამსახური 226,000,000 რუბლად — 3,060,040 აშშ დოლარად აფასებს.

უშუალოდ ლევან ვასაძეს (ამონაწერში იგი მითითებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) კომპანიის 35,65%-იანი წილი ეკუთვნის, რომლის ღირებულებაც, დოკუმენტაციის თანახმად, 80,569,000 რუბლად არის შეფასებული (1,090,904 დოლარი).

დანარჩენი მეწილეები არიან:

  • ეკატერინე სილვესტროვა — 21,41%;
  • შპს „კომპანია აკანა“ — 12,85%;
  • შპს „LIMITED LIABILITY COMPANY PET RETAIL CIS LIMITED“ — 30,09%;

ამასთან ერთად, შპს „LIMITED LIABILITY COMPANY PET RETAIL CIS LIMITED“ რეგისტრირებულია კვიპროსზე, ხოლო ვებ-გვერდ OpenCorporates-ის [კორპორატიული სამყაროს მონაცემთა ბაზა] მონაცემებით, მისი დირექტორები, მათ შორის, არიან ზემოთხსენებული გიორგი ჩქარეული და თავად ლევან ვასაძე.

„პრომეთეუს კაპიტალი“

შპს „პრომეთეუს კაპიტალი“ დარეგისტრირებულია 2015 წლის პირველ დეკემბერს. მისი ერთადერთი მეწილე და გენერალური დირექტორი ლევან ვასაძეა, ხოლო კომპანიის სპეციალიზაცია ფინანსებია.

გაზეთ „ვედომოსტის“ ცნობით, სწორედ „პრომეთეუს კაპიტალმა“ შეიძინა 2017 წელს IT-კომპანია AT Consulting-ის აქციების 95%. ამჟამად რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ბაზაში ვასაძე თუ მისი კომპანია აღარ ირიცხება ამ კომპანიის მფლობელად.

ბიზნესი საქართველოში

თავად ლევან ვასაძის თქმით, მას აქვს ორი ბიზნესი: ერთი — საქართველოში, მეორე — რუსეთში.

“საქართველოში ვეწევით სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას და რუსეთში მაქვს წილი ზოომაღაზიების ქსელში. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მირჩევნია ის გავყიდო, რომ აღარ მქონდეს არანაირი კავშირი. თუ ამას ვერ შევძლებ, დავტოვებ, გავაფორმებ ტრასტში, რომ ჩემი ჩარევა აღარ სჭირდებოდეს. მქონდა სახლი, რომელიც გავყიდე, მაქვს ბინა რუსეთში, რომელსაც დავიტოვებ. ერთი მანქანა მყავს მოსკოვში”, — განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, ახალ პოლიტიკურ მოძრაობას საკუთარი ძალებით დააფინანსებს, ასევე, არ გამორიცხავს შემოწირულობებს ბიზნესიდან და ფანდრაიზინგს (ორგანიზებული საქმიანობა თანხის მოზიდვის მიზნით საქველმოქმედო და პოლიტიკურ ორგანიზაციებში) ამერიკელი კონსერვატორებიდან.

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com