ახალი ამბები

საერთოდ არ ვარ შიშით და სიბრაზით განწყობილი ვასაძის პარტიის მიმართ — ინაშვილი

19 მაისი, 2021 • 3014
საერთოდ არ ვარ შიშით და სიბრაზით განწყობილი ვასაძის პარტიის მიმართ — ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ვასაძის პარტიის მიმართ “შიშით განწყობილი” არაა. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს, 19 მაისს, ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ინაშვილის თქმით,  ვასაძესთან სამომავლო პარტნიორობაზე საუბარი არ ჰქონია და არც გეგმავს.

“მე არ მინდა ვისაუბრო არცერთი სხვა პარტიის შანსებზე. ნუ გვეშინია ჩვენ ახალი პარტიების დაბადების და აღმოცენების. მე ვატყობ, რომ საქართველოს პოლიტიკურ კლასს ეს ფობია ახასიათებს. ყველა თავს ესხმის ახლად შექმნილ პარტიას. ჩვენ არ განვეკუთვნებით პარტიათა იმ კატეგორიას, რომლებიც შეშინებული და გაბრაზებული ხვდებიან ახალი პარტიების დაფუძნებას. დაფუძნდეს ეს პარტიები, მოსინჯონ ძალები, მოსინჯონ ძალები პოლიტიკაში. ბევრს ადვილი ჰგონია პარტიის შექმნა, არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ეს ძალიან რთული პროცესია.

მაგრამ მე, მაგალითად, საერთოდ არ ვარ შიშით და სიბრაზით განწყობილი თუნდაც ბატონი ვასაძის პარტიის მიმართ. კარგად ვიცნობ ლევან ვასაძეს. ბევრი მეკითხებოდა, რამე საუბარი ხომ არ გაქვთ თქვენს პარტნიორობაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არავითარი საუბრები არც გვქონია და არც ვგეგმავთ. მაგრამ თუკი ვინმე შექმნის პარტიას, რომელსაც აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მე ამას მივესალმები”, — განაცხადა ინაშვილმა.

პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა.

ვასაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ქვეყანაში შექმნილი პერმანენტული კრიზისი და “ბოლო წვეთი” იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა.

მისი თქმით, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი. ვასაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი