ახალი ამბები

საჯაროდ შერიგება დმანისში [ვიდეო]

17 მაისი, 2021 • 4624
საჯაროდ შერიგება დმანისში [ვიდეო]

დმანისში დაპირისპირებული მხარეები, ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები შერიგდნენ. ამის შესახებ ორივე მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა დმანისის საკრებულოს შენობაში იმართებოდა და მასში ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე რელიგიური ლიდრებიც მონაწილეობდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეთიბარ ემინოვი მიიჩნევს, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შერიგება სხვებისთვისაც მაგალითი იქნება და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი აღმოიფხვრება.

ადგილობრივი მცხოვრების, ეთნიკური ქართველის, ამირან ნარსაძის თქმითაც, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და შეხვედრა მისაღები შედეგით დასრულდა როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვისაც. ის იმედოვნებს, რომ კონფლიქტი დაპირსპირებულ მხარეებს შორის ამით ამოიწურება.

შერიგების პროცესში მონაწილეობდნენ წუხელ, სასურსათო მაღაზიაში მომხდარ დაპირისპირებაში ჩართული ადამიანების წარმომადგენელი მხარეები, მათ შორის იყო მაღაზიის მფლობელი მამედ მამედოვი.

საკრებულოსთან მთელი დღის განმავლობაში იყო შეკრებილი მოსახლეობა. ისინი შეხვედრის დასრულებას ელოდებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ საკრებულოსთან შეკრებილმა მოსახლეობამ დაშლა დაიწყო.

დმანისში საქართველოს მოქალაქეებს – ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელებს შორის ორი დღეა, დაპირისპირებაა. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან.

შსს-ს მთელი დღის განმავლობაში არ გაუვრცელებია ინფორმაცია, არის თუ არა მომხდარის გამო ვინმე დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი