ახალი ამბები

“გადადგეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა” — ოქრიაშვილი

17 მაისი, 2021 • 1538
“გადადგეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა” — ოქრიაშვილი

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, დმანისისა და ბოლნისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 16 მაისს დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა.

“ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან. ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ დანაშაული და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ”, — წერს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წახალისებული, ხელს უწყობდა და ახლაც უწყობს ამ ტიპის დაპირისპირებების გაღრმავებას.

“მოსახლეობაში გაჩნდა და გაღვივდა დაუსჯელობის სინდრომი. განვითარებულ მოვლენებზე მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, ხოლო სამართლებრივი — სრულიად უმოქმედო სამართალდამცავ ორგანოებს. მოვითხოვ, გადადგეს დმანისისა და მთელი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა! ისინი დაუყოვნებლივ დათხოვნილი უნდა იქნან პოლიციის რიგებიდან!” — აცხადებს ოქრიაშვილი.

დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ორი დღეა, დაპირისპირება მიმდინარეობს. გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

დმანისში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი