ახალი ამბები

დმანისში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

17 მაისი, 2021 • 3581
დმანისში ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

დმანისში სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობენ.

სამართალდმცველებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული და ასე ცდილობენ კონფლიქტის განეიტრალებას. კადრებში ჩანს თოხებით, ბარებით და ხელკეტებით შეიარაღებული მოსახლეობა, ისვრიან ქვებსაც.

დმანისში გუშინ ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, ამჟამად კონფლიქტი აღარ გრძელდება.

“ჩხუბი მოხდა. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. [ჩხუბის] საფუძველი პოლიციამ უნდა დაადგინოს. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, უძღოდა თუ არა გუშინდელ დაპირისპირებას სხვა წინარე ინციდენტიც, რასაც შესაძლოა კონფლიქტი გამოეწვია, ტატუაშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ, 16 მაისს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის მფლობელის თქმით, კონფლიქტი ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების მხრიდან ლუდის “ნისიად” ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

დღეს, 17 მაისს, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისიტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და კონკრეტული პირების იდენტიფიცირების პროცესი.

“რა გარემოებებიც გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში, შესაბამისად, გაგრძელდება შესაბამისი მუხლებით და ყველა ის პირი მიეცემა პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული”, – განაცხადა დარახველიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი