ახალი ამბები

ისრაელმა დაბომბა შენობა, რომელშიც მედიაოფისები იყო განთავსებული

15 მაისი, 2021 • 1716
ისრაელმა დაბომბა შენობა, რომელშიც მედიაოფისები იყო განთავსებული

ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა 15 მაისს ღაზის სექტორში დაბომბეს კორპუსი, რომელშიც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული.

სანამ საჰაერო დარტყმას მიიტანდნენ, ისრაელის ძალებმა კორპუსში მყოფები გააფრთხილეს, დაეტოვებინათ ნაგებობა. აფეთქების შედეგად შენობა მთლიანად დაინგრა.

ტელეკომპანია Al-Jazeera-სა და გამოცემა Associated Press-ის თანახმად, აწ უკვე დანგრეულ კორპუსში მათი ოფისებიც იყო განთავსებული.

მოგვიანებით, ისრაელის არმიამ თქვა, რომ შენობაში განთავსებული იყო ადგილზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” სამხედრო აქტივები. ისრაელი ასევე აღნიშნა, რომ “ჰამასი” შენობის სხვა მცხოვრებლებს “ცოცხალ ფარად” იყენებდა.

BBC-სთან საუბრისას შენობის მფლობელმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, კორპუსში მხოლოდ მედიაოფისები, ბიზნესები და 60 საცხოვრებელი ბინა იყო განთავსებული.

ამ ფაქტამდე, ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, ქალაქ რამათ-განში 1 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი 50 წლის კაცია.

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო დარტყმები და ამავე ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება. ღაზაში 139 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი — 8.

ბოლო 24 საათში სამხედრო დაპირისპირების თანმდევი არეულობა მოედო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსაც, რის შედეგადაც 10 დემონსტრანტია დაღუპული. პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის მცდელობის ფარგლებში, თელ-ავივში თავისი მისია დაიწყო აშშ-ის წარმომადგენელმა ჰადი ამრმა.

კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

ვრცლად მიმდინარე კოფნლიქტზე:

“დაიღუპა 1 ოჯახის 10 წევრი” — გრძელდება კონფლიქტი ისრაელსა და “ჰამასს” შორის

მასალების გადაბეჭდვის წესი