ახალი ამბები

“დაიღუპა 1 ოჯახის 10 წევრი” — გრძელდება კონფლიქტი ისრაელსა და “ჰამასს” შორის

15 მაისი, 2021 • 2306
“დაიღუპა 1 ოჯახის 10 წევრი” — გრძელდება კონფლიქტი ისრაელსა და “ჰამასს” შორის

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო დარტყმები და ამავე ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები 14 მაისის ღამითაც გრძელდებოდა. ბოლო 24 საათში სამხედრო დაპირისპირების თანმდევი არეულობა მოედო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსაც, რის შედეგადაც 10 დემონსტრანტია დაღუპული. პარალელურად, ცეცხლის შეწყვეტის მცდელობის ფარგლებში, თელ-ავივში თავისი მისია დაიწყო აშშ-ის წარმომადგენელმა ჰადი ამრმა.

კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი მღელვარება იერუსალიმში, რისი კულმინაციაც იყო მძიმე შეტაკებები პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მუსლიმთათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ალ-აკსას მეჩეთთან. ამის შემდეგ ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყეს, ისრაელმა კი ღაზაზე — საჰაერო დარტყმები.

დაპირისპირებას მინიმუმ 133 პალესტინელი შეეწირა, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები. მსხვერპლის რიცხვი 8-ს შეადგენს ისრაელში, რომელთა შორის არიან როგორც ქალები, ასევე ერთი ბავშვი.

რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

ისრაელის არმიის თანახმად, არ წყდება საჰაერო ოპერაცია ღაზის სექტორში, ადგილზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები კი ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევებს განაგრძობენ.

საერთაშორისო მედიის თანახმად, ქალაქ ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს, დაიბომბა საცხოვრებელი სახლი. თავდაპირველად BBC იუწყებოდა, რომ შედეგად 2 ოჯახის 7 წევრი დაიღუპა, თუმცა ღაზის ოფიციალური პირები ამჟამად საუბრობენ 10 დაღუპულზე 1 ოჯახიდან. მათ შორის 8 ბავშვია.

მუჰამად ჰადიდიმ, რომელიც, BBC-ს თანახმად, ოთხი გარდაცვლილი ბავშვის მამაა, მედიას უთხრა, რომ მისი ცოლი და შვილები ისლამური დღესასწაულის აღსანიშნად ნათესავებთან ერთად ემზადებოდნენ, რა დროსაც საჰაერო დარტყმა განხორციელდა. მისი ცოლი და 4 ვაჟი, დეიდასთან და ბიძაშვილებთან ერთად, დაიღუპნენ. გადარჩა მხოლოდ ერთი — 5 თვის ომარი.

Associated Press ციტირებს დაბომბილ სახლთან ახლოს მცხოვრებ საიდ ალ-ღულს. მისი მონათხრობის მიხედვით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა საჰაერო შეტევა ადგილობრივების გაუფრთხილებლად განახორციელეს.

ამავე გამოცემის თანახმად, ისრაელის არმიის სპიკერი ამბობს, რომ არმიის სამიზნე სამხედრო ობიექტებია და ცდილობს,მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერ სხვა სახის ზიანის მასშტაბები. მისივე თქმით, უწინდელი საჰაერო შეტევების დროს პრევენციისთვის რიგ ზომებს იღებდნენ, მათ შორის, წინასწარ აფრთხილებდნენ მოსახლეობას გამაფრთხილებელი გასროლებით, თუმცა ამჯერად ეს შესაძლებელი არ იყო.

ამ ფაქტიდან მცირე ხნის შემდეგ, ღაზის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კვლავ გაუშვეს რაკეტები ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ-შევასსკენ. ისრაელის მედიის ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 19 ადამიანი. უმეტესობამ დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა თავშესაფრისკენ ცდილობდა გაქცევას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 15 მაისს, გამთენიისას თქვეს, რომ ღაზიდან სამხრეთ ისრაელზე, მათ შორის, ქალაქ აშდოდზე, შეუჩერებლად ხორციელდებოდა სარაკეტო დარტყმები, რაც “უპასუხოდ არ დარჩება”. უწყების თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ისრაელის მიმართულებით 2 300 რაკეტა ისროლეს.

განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზაზე პარასკევს, რა დროსაც, ქვეყნის არმიის ცნობით, 40 წუთის მანძილზე 160 ბომბდამშენიდან 80 ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩამოყარეს. ამავე ცნობებით, ოპერაციის შედეგად ღაზაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების, “ჰამასის” გვირაბების სისტემა განადგურდა და ათეულობით მებრძოლი დაიღუპა.

ამასთან, გასული 24 საათი აღინიშნა შეტაკებებით ისრაელის არმიასა და ადგილობრივ პალესტინელებს შორის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომელიც ისრაელის მიერაა ოკუპირებული. ღაზის კამპანიის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ისრაელის არმიის წარმომადგენლებს ქვებსა და ხელნაკეთ ბომბებს ესროდნენ, რასაც სამხედროებმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხეს. დაიღუპა 10 პალესტინელი.

გასულ 24 საათში ვითარება დაძაბული იყო ისრაელის საზღვრებზეც. ჩრდილოეთით საზღვართან ლიბანელი და პალესტინელი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რომელთა ნაწილმაც მისი გადაკვეთა შეძლო. ისრაელის ძალებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც ერთი ლიბანელი ემსხვერპლა.

მოგვიანებით, სირიიდან ისრაელისკენ სამი რაკეტა გაუშვეს. არავინ დაშავებულა.

მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებში. თელ-ავივში უკვე ჩავიდა აშშ-ის წარმომადგენელი ჰადი ამრი, კვირას კი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაა დანიშნული.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იერუსალიმის შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” ისრაელს რამდენიმე საათი მისცა ძალოვნების გასაყვანად იმ ადგილებიდან, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში დაძაბულობის კერებს წარმოადგენს. მათ შორის იყო ალ-აკსას მეჩეთი.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა იერუსალიმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ იწყებენ დარტყმებს “ჰამასის” პოზიციებზე ღაზაში.

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება იერუსალიმში განსაკუთრებით დაძაბულია. მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება. მათ შორისაა ქუჩის დაპირისპირებები ებრაელებსა და არაბებს შორის იერუსალიმში, რაც შემდგომ მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა; ასევე, პოლიციის მიერ აღმართული და შემდგომ, პალესტინელთა უკმაყოფილების ფონზე მოხსნილი ბარიერები ე.წ. დამასკოს კარიბჭსთან, სადაც მუსლიმები რამადანის თვეში იკრიბებიან.

თუმცა, ვითარების გამწვავებით ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა გადადო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი