ახალი ამბები

რ2-ის საქმეზე სასამართლო ივანიშვილს არ გამოკითხავს

14 მაისი, 2021 • 1133
რ2-ის საქმეზე სასამართლო ივანიშვილს არ გამოკითხავს

დღეს, 14 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვა დაიწყო. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ, სხვა მოწმეებთან ერთად, ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა ივანიშვილის ნაწილში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

როგორც დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, ივანიშვილის დაკითხვას 2012 წელს მიცემული ინტერვიუს საფუძველზე ითხოვდნენ. აღნიშნულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმის დეტალები მისთვის ცნობილია და ამ თემაზე ქიბარ ხალვაშზე მეტი იცის:

“2012 წელს მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივნაიშვილი ამბობს შემდეგ რამეს, რომ მისთვის ცნობილია რუსთავი 2-ის საქმის დეტალები. იმასაც კი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშზე მეტი იცის ამ საქმესთან დაკავშირებით. იმასაც ამბობს, რომ თვითონ ხალვაში ამ საქმეში ფორმალურად, წინა ხლეისუფლებასთან მეგობრობის გამო იყო ჩართული და ამ პროცესებში იყო სააკაშვილი.

ეს სწორედ ის გარმეოებებია, რაც ჩვენს სარჩელში წერია. ცხადია, ივანიშვილმა როდესაც საჯაროდ გააკეთა ასეთი განცხადება, სასამართლოსთვის საინტერესო უნდა იყოს როგორც ამ ფაქტების მცოდნე პირი. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საუბარია 2004, 2005, 2006 წლებზე. როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო და აფინანსებდა სხვადსახვა პროექტს”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სასამართლოში დავობენ კომპანიის 60%-იანი წილისთვის, რომელიც მათი განცხადებით, 2004 წელს დაათმობინეს.

გარდა ამისა, სასარჩელო უზრუნველყოფის სახით მხარეები ითხოვენ ტელეკომპანიის ქონების დაყადაღებასაც. ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დაყადაღებულია, თუმცა ყადაღა არ ადევს კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებას.

კოჟორიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტელეკომპანიის ჰოლდინგში გაერთიანების შესახებ, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2-ის” ქონება გასხვისდება, შესაბამისად, 60%-იანი წილი, რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს, შემცირდება და სასარჩელო მოთხოვნების დაცვის მიზნით სასამართლოს ხელახლა მიმართეს. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი