ახალი ამბებისამართალი

აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ითხოვენ

19 მარტი, 2021 • 1925
აქიმიძე და დვალი რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებას ითხოვენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი სასამართლო დავის ფარგლებში “რუსთავი 2-ის” უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას ითხოვენ.

როგორც მათი იურისტი კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, ეს მოთხოვნა ეხება 2019 წლის სარჩელს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ დრომდე დაყადაღებულია დავის საგანი: ტელეკომპანიის 60%-იანი წილი, თუმცა ყადაღა არ ადევს კომპანიის უძრავ-მოძრავ ქონებას.

კოჟორიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტელეკომპანიის ჰოლდინგში გაერთიანების შესახებ, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2-ის” ქონება გასხვისდება, შესაბამისად 60%-იანი წილი, რომელზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს შემცირდება და სასარჩელო მოთხოვნების დაცვის მიზნით სასამართლოს ხელახლა მიმართეს:

“ჩვენ 2019 წელს შევიტანეთ სარჩელი ხალვაშის წინააღმდეგ. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვენ რუსთავი 2-ის წილის 60 პროცენტს. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ ამ წილის დაყადაღებდა, რაც დღეის მდგომაროებითაც ადევს. თუმცა, არ გვაქვს დაყადაღებული რუსთავი 2-ის ქონება. ახლა როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ჰოლდინგის შექმნის შესახებ, წილი ვერ გაიყიდება იმიტომ, რომ ჩვენ სასამართლოს მეშვეობით დაყადაღებული გვაქვს, თუმცა არის ალბათობა, რომ რუსთავი 2-ის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, სხვა აქტივები გადაეცეს ახალ ჰოლდინგურ კომპანიას ან სხვა მესამე პირს. წილზე დავას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს წილი არის ღირებული ქონების. ცხადია, თუ გამოშიგნავენ ამ წილს და ქონებას სხვას გადასცემენ ან გაასხვისებენ, წილის ღირებულება შემცირდება. ამიტომ, ჩვენ რომ დავიცვათ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, როდესაც გავიგეთ ინფორმაცია შესაძლო გასხვისების და ჰოლდინგური კომპანიის შექმნის შესახებ, ამა წლის 15 მარტს მივმართეთ სასამართლოს განცხადებით და მოვითხოვეთ გასხვისების შეზღუდვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, დირექტორის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვა და ვითხოვდით სარჩელის უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებს, რაც ხალვაშმა რომ სარჩელი შეიტანა 2015 წელს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, მაშინ დააყენა. სასამართლომ ეს მოთხოვნები ლეგიტიმურად სცნო, ჩვენც იმავეს ვითხოვდით” – განმარტავს იურისტი.

კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს 15 მარტს მიმართეს, თუმცა 16 მარტს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდათ და დღეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

კოჟორიძის თქმით, მათი სარჩელი იმეორებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც სასამართლომ ქიბარს ხალვაშს 2015 წელს დაუკმაყოფილა, თუმცა აღნიშნავს რომ აქიმიძისა და დვალის შემთხვევაში დავა განსხვავებული პრაქტიკით მიმდინარეობს:

“სპეციალურად, სააპელაციო სასამართლოს დაკმაყოფილებული პუნქტები ჩვენს განცხადებაში პირდაპირ გადმოვიტანეთ და იგივე მოვითხოვეთ. დავის საგანი და მოთხოვნები იგივეა, მაგრამ როდესაც ხალვაში აყენებდა მოთხოვნას, ის დაკმაყოფილდა, როცა ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აყენებენ იგივე მოთხოვნას იმავე სარჩელზე – არ კმაყოფილდება. ჩვენ ახლა სასამართლომ რომ უარი გვითხრა გასხვისების შეზღუდვის დაკმაყოფილებაზე, ეს გავასაჩივრეთ დღეს. საჩივარი შედის პირველ ინსტანციაში და თუ არ აკმაყოფილებს ავტომატურად იგზავნება საქმე სააპელაციო სასამართლოში” – ამბობს კოჟორიძე.

მისი თქმით, სასამართლოს ტენდენციურობა ჩანს იმაშიც, რომ 2015 წელს ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება სასამართლომ სამ თვეში გამოაცხადა, აქიმიძე-დვალის სარჩელი კი წელიწად-ნახევარია შეტანილია, თუმცა ამ დრომდე საქმის განხილვა არ დაწყებულა:

“ჩვენ რომ 2019 წელს სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში, წელიწადზე მეტია არცერთი სხდომა არ ჩატარებულა მაშინ, როდესაც ხალვაშმა რომ შეიტანა 2015-ში სარჩელი, სამ თვეში უკვე მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება იყო გამოტანილი. ერთი და იგივე საქმეა, მაშინ სასამართლომ უპრეცედენტოდ სწრაფ დროში მიიღო გადაწყვეტილება ეს კი უპრეცედენტოდ ჭიანურდება – ესაა ჩვენი სასამართლო” – ამბობს კახა კოჟორიძე.

მარტის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ „რუსთავი 2-ში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია დაიწყო. დოკუმენტი, რომელიც “ტაბულამ” გაავრცელა და რომლის ნამდვილობასაც გენერალური დირექტორი ადასტურებს, წერია, რომ რესტრუქტურიზაციის მიზეზი შემცირებული რეიტინგი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და შემცირებული სარეკლამო შემოსავლებია. სალია აცხადებს, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირებულია, რამაც სატელევიზიო შემოსავლების შემცირება ბუნებრივად გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესი ტელევიზიაში 10 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

მიმდინარე წლის 17 მარტს კი ცნობილი გაცხა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” და ინტერნეტგამოცემა “პრაიმტაიმმა” ჰოლდინგი ჩამოაყალიბეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა.

სალიამ ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ ჰოლდინგის ჩამოყალიბება არც ტელეკომპანიისა და არც ინტერნეტგამოცემის მუშაობის ცვლილებას არ გულისხმობს. ის მიზნას ისახავს რეიტინგისა და მრავალფეროვნების გაზრდას.

რ2-ში რეორგანიზაციაა, რა ელით თანამშრომლებს? — სალიას განმარტება

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე “ტელეკომპანია” რუსთავი 2-ის 60%-იან წილდე დაობენ, რომელიც მათი განცხადებით, 2004 წელს დაათმობინეს. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი