ახალი ამბები

მოაწერენ თუ არა ხელს დანიელსონის დოკუმენტს: რას ამბობს ოპოზიცია 17 აპრილის შეხვედრის შემდეგ

17 აპრილი, 2021 • 1207
მოაწერენ თუ არა ხელს დანიელსონის დოკუმენტს: რას ამბობს ოპოზიცია 17 აპრილის შეხვედრის შემდეგ

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს 17 აპრილს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვდნენ, აცხადებენ, რომ არ აპირებენ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე. აღნიშნულს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” ლიდერთა ხელმოწერა ხსენებულ დოკუმენტზე.

ოპოზიციამ თქვა, რომ შეხვედრაზე, ძირითადად, 15 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე იმსჯელეს, თუმცა ჟურნალისტებთან დანიელსონის დოკუმენტის შესახებაც ისაუბრეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ხსენებული საკითხები კვლავ რჩება ხსენებულ დოკუმენტზე ხელმოწერის აუცილებელ წინაპირობად.

“ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ ვაწერთ. დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება პოლიტპატიმრებზე — პირველ რიგში, მელია და რურუა და ვადამდელ არჩევნებზე. თუ ამ საკითხებზე შეთანხმება მოხდება, იქნება ხელმოწერაც”, — დასძინა მან.

ამავე პოზიციას იზიარებს “ლეიბორისტული პარტიაც”.

“ჩვენი ნაბიჯია იგივე და იგივე: ახალი არჩევნების თარიღი და მანამდე პოლიტიკური პატიმრები — გარეთ.

დანარჩენი რეფორმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად არის საჭირო, სასამართლო იქნება, საარჩევნო, ეკონომიკური თუ საინვესტიციო, ამას გააკეთებს პარლამენტში მოსული მრავალპარტიული ოპოზიციური კოალიცია.

…თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან გამოშვებულნი, ახალი არჩევნები რომც შემოგვთავაზონ, ხელს არ მოვაწერთ”, — თქვა მან.

შეხვედრაზე იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელიც. მისი თქმით, “ჯერჯერობით არავინ აპირებს ამაზე[დოკუმენტზე] ხელის მოწერას, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ საერთოდ არ არის მკაფიო, რა ხდება მთავარ საკითხებზე”. ამ საკითხთა შორის წერეთელი “პოლიტპატიმრებსა და ახალ არჩევნებს” ასახელებს.

ოპოზიციონერ კოლეგებს ნინო ბურჯანაძეც ეთანხმება. “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ხაზს უსვამს, რომ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც “პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან” და ხელისუფლება და ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე მოილაპარაკებენ.

პარტია “ლელო”, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ფიქრობს, რომ “ძალიან მალე მოვა დრო”, როცა “ოცნება” და ოპოზიცია ზემოთ ჩამოთვლილ ორივე საკითხზე შეთანხმდებიან:

“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალიან მალე მოვა დრო, როცა შევთანხმდებით სამართლიან პრინციპზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლიანად და და ასევე უმთავრესია პოლიტპატიმრების საკითხი, რომელთაც უნდა დატოვონ პოლიტიკური ტყვეობა”, — თქვა ლევან სამუშიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე “ქართული ოცნების” მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას “საერთაშორისო ზეწოლის შედეგად” განიხილავს, თუმცა არ მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ეს ნაბიჯი საკმარისია.

“პოზიტიური მომენტია, რომ თუნდაც იმ 5 საკითხიდან 3 საკითხზე ისინი დათანხმდნენ. ახლა მოსალაპარაკებელი რჩება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ორი საკითხი: პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები. თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება და იმედი გვაქვს, გაგრძელდება, ეს ორი თემა იქნება საკმაოდ მძიმე სალაპარაკო თემა მხარეებს შორის”.

კითხვას, “პოლიტპატიმრები” რომ გათავისუფლდნენ, “სტრატეგია აღმაშენებელი ხელს მოაწერს თუ არა დოკუმენტს, ჩიხლაძემ ასე უპასუხა:

“არა. ვადამდელი არჩევნებიც უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში”.


“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას ევროპელმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა ჯერ კიდევ 30 მარტს შესთავაზა. ხელმოწერილი დოკუმენტი პარლამენტარმა შალვა პაპუაშვილმა 16 აპრილს, გვიან ღამით გაავრცელა.

აღნიშნულის შემდეგ, ევროპარლამენტარებმა — მარინა კალიურანდმა და ვიოლა ფონ კრამონმა — ოპოზიციას მოუწოდეს, გადადგას ანალოგიური ნაბიჯი.

ხელისუფლება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი