ახალი ამბები

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის: მსხვერპლია ორივე მხარეს

11 მაისი, 2021 • 2708
დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის: მსხვერპლია ორივე მხარეს

ღაზაში მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის ცეცხლი ამ დრომდე არ წყდება. ღაზის სექტორში ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 11 მაისს, შუადღისას ცნობილი გახდა, რომ მსხვერპლია ისრაელის მოქალაქეებს შორისაც.  საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობრივი პროცესების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

რეგიონში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირაა, ისედაც დაძაბულია, თუმცა პროცესები განსაკუთრებით გამწვავდა 10 მაისს, როდესაც იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ, პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ “ჰამასმა” მის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან ქალაქის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლი გახსნა. აღნიშნულის პასუხად ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიშების მიტანა დაიწყო.

ისრაელის საჰაერო შეტევები და “ჰამასის” სარაკეტო დარტყმები 11 მაისსაც გაგრძელდა. AP-ს ცნობით, ისრაელმა მიზანში ამოიღო ღაზის სექტორში მდებარე, “შეიარაღებულების საცხოვრებლად მიჩნეული” მაღლივი კორპუსები.

დღესვე ისრაელმა თქვა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია შეიარაღებული დაჯგუფების, “ისლამური ჯიჰადის” ერთ-ერთი ლიდერი, მის სხვა წევრებთან ერთად. დაჯგუფებამ დაადასტურა თავისი 3 წარმომადგენლის დაღუპვა და აღნიშნა, რომ ისინი “ისლამური ჯიჰადის” უფროსი წევრები იყვნენ. გაისმა შურისძიების პირობაც.

სამხრეთ ღაზა, თალ ალ-ჰავას უბანი: გოგონა დგას დაბომბილ შენობასთან, რომელიც, EPA-ს თანახმად, "ჰამასის" შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა

პარალელურად, ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულებმა ასობით რაკეტა გაუშვეს ისრაელის ქალაქების მიმართულებით. დაიბომბა ქვეყნის სამხრეთით მდებარე აშდოდი და აშკელონი.

ღაზის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის შეტევებს 26 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორისაც ცხრა ბავშვია. სამშაბათს გავრცელდა პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ ისრაელის მხარეს: აშკელონში სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

თავის მხრივ, ისრაელი ამბობს, რომ “ჰამასის” 16 მებრძოლი დაიღუპა ღაზის სექტორში მდებარე 130 სამიზნეზე მიტანილი დარტყმების შედეგად. BBC-სთან საუბრისას “ჰამასი” დასძენს, რომ მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ღაზიდან 300 რაკეტა გაუშვეს მოწინააღმდეგის მიმართულებით.

ღაზის სექტორიდან დაბმობილი სახლი ისრაელის ქალაქ აშკელონში. ფოტო: EPA

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ ისრაელში და მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქუჩებსა და აივნებზე გასვლისგან.

როგორია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია?

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს დეესკალაცია, “ჰამასმა” კი სარაკეტო იერიშები შეწყვიტოს. ის ასევე დასძენს, რომ “ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ხალხი და ტერიტორია შეტევებისგან”.

ბლინკენთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში იმყოფებოდა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადიც, რომელმაც ვითარება “უკიდურესად საშიშად” შეაფასა. მისი სიტყვებით, პრიორიტეტი უნდა იყოს “დეესკალაცია, დარწმუნება იმაში, რომ დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობა, პალესტინელთა უფლებები და შენარჩუნებულია სტატუს კვო”.

დასავლეთ ღაზაში გლოვობენ დაღუპულ ქალსა და მის ვაჟს, ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ. 11.05.21 ფოტო: EPA

სარაკეტო შეტევების შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბიც. მისივე თქმით, უნდა შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება.

მსგავსი მოწოდება გაისმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგანაც. მისივე თქმით, “კატეგორიულად მიუღებელია ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისკენ”.

ღაზის სექორიდან ნასროლი რაკეტით დაზიანებული სახლი ისრაელის ქალაქ აშკელონში. ფოტო: EPA

ცნობილია, რომ პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა გაერომ, თუმცა განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

საგანგებო შეკრებას გეგმავენ “ისლამური კონფერენციის ორგანიზაციაშიც”, რომლის სათავო ოფისიც საუდის არაბეთში მდებარეობს. ამ უკანასკნელმა ისრაელის პოლიციის მიერ იერუსალიმის პალესტინელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები გააკრიტიკა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ნებისმიერი ესკალაციისთვის ისრაელს დააკისროს პასუხისმგებლობა.

რა ხდებოდა ცეცხლის გახსნამდე?

სანამ სარაკეტო ცეცხლი და ავიადარტყმები იქნებოდა, 10 მაისს იერუსალიმში, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სალოცავთან, ალ-აკსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” ცნობით, 228 მათგანს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. თავის მხრივ, ისრაელის პოლიცია ამბობს, რომ დაშავდა 21 სამართალდამცავი, რომელთაგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეტაკებები ალ-აკსას მეჩეთთან. ფოტო: ალ-ჯაზირა

იერუსალიმი, განსაკუთრებით კი, სიწმინდეებით მდიდარი აღმოსავლეთ ნაწილი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთ-ერთ საკვანძო წერტილს წარმოადგენს.

ისრაელი მას თავის დედაქალაქად განიხილავს. აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება, აღმოსავლეთ იერუსალიმს კი ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. თავის მხრივ, პალესტინელები იმედოვნებენ, რომ ქალაქის ეს ნაწილი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება.

შეიხ ჯარაჰის საქმე — ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

ბოლო კვირების მანძილზე ვითარება ქალაქში განსაკუთრებით დაძაბულია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ ჯარაჰის გარშემო განვითარებული პროცესები. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

ორგანიზაცია 1970 წლის კანონს იყენებს და დავობს, რომ ამ მიწის მფლობელები 1948 წლამდე — ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე — ებრაული ოჯახები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა იქ ამჟამად მცხოვრები პალესტინური ოჯახების გამოსახლება და მათი საკუთრების ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემაა.

თავის მხრივ, კრიტიკოსები დასძენენ, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას პალესტინელებს, თავადაც იდავონ იმ საკუთრებებზე, რომლებიც ებრაელი ოჯახების სასარგებლოდ დაკარგეს ისრაელის სახელმწიფოს ფორმირებამდე.

დაძაბულობისა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ისრაელის სასამართლომ გადადო ხსენებულ საქმესთან დაკავშირებული სხდომა, რომელიც ორშაბათს უნდა გამართულიყო.

პოლიცია აპატიმრებს პალესტინელ დემონსტრანტს შეიხ ჯარაში მცხოვრები პალესტინელი ოჯახების მხარდამჭერი აქციის დროს ე.წ. დამასკოს ჭიშკართან, იერუსალიმში. ფოტო: EPA

ალ-აკსას შეტაკებებამდე დაძაბულობის ეპიცენტრი სწორედ შეიხ ჯარაჰის უბანი იყო. აქ ერთმანეთს აპრილიდან უპირისპირდებიან პოლიცია და პალესტინელი დემონსტრანტები. ამ მოვლენებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა როგორც არაბულ ქვეყნებში, ისე მათ გარეთ. სოციალურ ქსელში პოპულარულია ლოზუნგი “გადაარჩინე შეიხ ჯარაჰი”.

CNN-ის თანახმად, ისრაელის მთავრობა შეიხ ჯარაჰის საქმეს განიხილავს, როგორც უძრავი ქონების გარშემო დავას კერძო პირებს შორის და დასძენს, რომ “პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციები” ამ საქმეს “ნაციონალისტური მიზნებისთვის” იყენებენ. ამ ნარატივს არ ეთანხმებიან პალესტინელი ლიდერები, რომლებიც “ეთნიკური წმენდის” მცდელობებზე საუბრობენ.

ამ მოვლენების გამო ისრაელი არაერთმა არაბულმა ქვეყანამ გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კი “დაადასტურა აშშ-ის სერიოზული შეშფოთება პალესტინელი ოჯახების პოტენციური გამოსახლების შესახებ შეიხ ჯარაჰის სამეზობლოში მდებარე სახლებიდან”.

შეტაკებები იერუსალიმში და მსხვერპლი ღაზაში: როგორ ვითარდებოდა მოვლენები

მასალების გადაბეჭდვის წესი