ახალი ამბები

პუტინმა ღია ცის შეთანხმების დატოვებაზე პარლამენტს მიმართა

11 მაისი, 2021 • 1030
პუტინმა ღია ცის შეთანხმების დატოვებაზე პარლამენტს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ღია ცის შეთანხმების დენონსაციასთან დაკავშირებით.

დენონსაცია წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმას. რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმებიდან გასასვლელად მომზადება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა 2020 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ღია ცის შეთანხმებიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აშშ-მა გამოგონილი მიზეზით დატოვა შეთანხმება და მოსკოვის ნაბიჯიც ამის პასუხია. რუსეთის მთავრობამ ღია ცის შეთანხმებიდან გასვლას მხარი უკვე დაუჭირა.

ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება აშშ-მა ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიიღო და ამის მიზეზად დაასახელა, ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე სადამკვირვებლო მისიის ტექნიკის განახლებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების თავიდან აცილება, მეორე მხრივ კი – რუსეთის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთი ხელს უშლიდა სადამკვირვებლო ფრენებს მოსკოვის, კალინინგრადის, ჩეჩნეთის თავზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს კონგრესის დემოკრატმა წევრებმა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან ელოდნენ ტრამპის მიერ დატოვებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხელშეკრულებებთან ხელახლა მიერთებას, ახალ ადმინისტრაციას ღია ცის შეთანხმებაში დასაბრუნებლად ნაბიჯი არ გადაუდგამს. Defense News-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან ღია ცის შეთანხმებაზე ხელახლა მიერთება მოსკოვს “არასწორ სიგნალს” გაუგზავნის.

ღია ცის შეთანხმების შესახებ

ღია ცა არის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც შექმნილია განიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის მიზნით. ღია ცის ხელშეკრულება წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, 72 საათით ადრე გაფრთხილებისა და ზუსტი კოორდინატების მიწოდების შემდეგ, ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ, შეაგროვონ სადაზვერვო ინფორმაცია და მოპოვებული მონაცემები ერთიან საინფორმაციო ბაზაში განათავსონ.

ღია ცის იდეა, თავდაპირველად როგორც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ორმხრივი შეთანხმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ჯერ კიდევ 1955 წელს გაახმოვანა.

ამ თემაზე გირჩევთ:

აშშ „ღია ცის“ შეთანხმებიდან გამოდის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი