ახალი ამბები

“თვითმკვლელობის ვერსიის არ მჯერა” — თბილისში დაღუპული ყაზახი გოგოს დედა

10 მაისი, 2021 • 1554
“თვითმკვლელობის ვერსიის არ მჯერა” — თბილისში დაღუპული ყაზახი გოგოს დედა

თბილისში დაღუპული 26 წლის ქალის, ყაზახეთის მოქალაქის ასელ აიტპაევას დედა აისუ აიტპაევა ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

„ვფიქრობ, ჩემი შვილი მოკლულია, ხოლო მისი სხეული ფანჯრიდან გადააგდეს. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩამოვფრინდი, რათა ცხედარი გადავასვენო“, — ამბობს აისუ აიტპაევა ჟურნალისტებთან. მისი სიტყვების თარგმანს კი „ფორმულა“ ავრცელებს.

ქალი ასევე დასძენს, რომ ცხედრის ამოცნობის პროცედურის შემდეგ ყაზახეთის საელჩოში მივა, საჭიროების შემთხვევაში კი დაიქირავებს ადვოკატს.

„ბესოსთან [ბრალდებულთან] არანაირი კავშირი არ ჰქონდა, აქ გაიცნეს, სურათებს მიგზავნიდნენ, რომ აქ მუშაობდა, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა“, — აცხადებს ის.

ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევა საქართველოში აპრილში ჩამოვიდა სამუშაოდ. ის რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა.

7 მაისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბ.თ-მ 26 წლის გოგოზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც “მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი” ასელ აიტპაევი მერვე სართულიდან გადახტა.

ამავე თემაზე:

26 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი