ახალი ამბები

26 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

8 მაისი, 2021 • 1295
26 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ერთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას თვითმკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბ.თ-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქმის პროკურორი ადასტურებს.

პროკურორის განმარტებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბ.თ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდა.

“ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის, რომ ამ ეტაპზე არსებობდა ფაქტობრივი გარემოებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საკმარისი იყო პირის ბრალდებისთვის. ასევე არსებობდა ფორმალური საფუძვლები, საპროცესო საფუძვლები, რის შედეგადაც ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა”, – განმარტა პროკურორმა.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდების მხარეს ამ დროისთვის შეკრებილი აქვს როგორც წერილობითი, ისე ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა მიერ მიღბული ინფორმაციები, რომლის საფუძველზეც დასაბუთებული ვარაუდით ბ.თ-ს ბრალეულობა დასტურდება.

არსებული ინფრომაციით ყაზახეთის მოქალაქე საქართველოში აპრილში ჩამოვიდა სამუშაოდ. ის რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა. გუშინ, 7 მაისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ბ.თ-მ 26 წლის გოგოზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც “მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი” ასელ აიტპაევი მერვე სართულიდან გადახტა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გაუპატიურებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი