ახალი ამბები

HRC: კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა

8 მაისი, 2021 • 1653
HRC: კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” [HRC] ინფორმაციით 19 წლის თეკლა თორდიას საქმეში, რომელიც 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით გარდაიცვალა, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. HRC თეკლა თორდიას ოჯახის ინტერესებს იცავს.

“რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით”, – ნათქვამია HRC-ის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თეკლა თორდიას საქმეში დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. HRC-ის ცნობით, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, დასკვნაში ბუნდოვნად აღნიშნიშნავენ, რომ “ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე”. HRC ამ პოზიციის შემაშფოთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს შეფასება კითხვებს აჩენს ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ასევე, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ცნობით, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

“ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე – თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის მყისიერი და ობიექტური გამოკვლევისკენ და ოჯახის ყველა კითხვაზე დროული და ამომწურავი პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს. პროკურატურას კი მოუწოდებს, რომ ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

19 წლის თეკლა თორდია 2020 წლის 29 ნოემბერს, კორონავირუსის დიაგნოზით თბილისში, “გერმანულ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი