ახალი ამბები

გვარამია შსს-ს დავითგარეჯაში თავდამსხმელების დასჯისკენ მოუწოდებს

4 მაისი, 2021 • 1591
გვარამია შსს-ს დავითგარეჯაში თავდამსხმელების დასჯისკენ მოუწოდებს

ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის შემდეგ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-სგან თავდამსხმელების ვინაობის დადგენას და მათ დასჯას ითხოვს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პირების გამოვლენას და მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო“, – აცხადებს გვარამია.

ის ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ყურადღება მიაქციონ მომხდარს.

დავით გარეჯის ტერიტორიაზე, ჩვენს გადამღებ ჯგუფს და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ მთვრალი სასულიერო პირები და გამგებლის…

Posted by Nika Gvaramia on Tuesday, May 4, 2021

რა მოხდა?

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, რომელიც დავითგარეჯაში მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ გადამღებ ჯგუფს სამონასტრო კომპლექსში ყოფნისას სასულიერო პირები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ:

„დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩვენ ვიმყეფებოდით ივერი მელაშვილთან ერთად. იქ არ იყვნენ სასულიერო პირები და მრევლი, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ვიყავით მე, ოპერატორი და ბატონი ივერი მელაშვილი. როდესაც მიმდინარეობდა ჩაწერა, მოვიდა სასულიერო პირი აგრესიით ბატონ ივერისთან, უთხრა, რომ ის იყო მოღალატე, არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება და იყო დაძაბული საუბარი“.

 

ჟურნალისტის თანახმად, ეს სასულიერო პირი, სავარაუდოდ, დეკანოზი იორამი, ნასვამი იყო: „მასთან იმყოფებოდა სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ჯერ ოპერატორისთვის სცადა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ჩვენ მიმართაც, ამასობაში რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა ადგილზე და დაიძაბა ვითარება ისე, რომ ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად დაუპირირპირდნენ, დაზიანდა ჩვენი კამერაც“, – იხსენებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ადგილზე იყვნენ სასაზღვრო პოლიციის წარმოამდგენლებიც, რომლებსაც დახმარება სთხოვა, თუმცა მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს დახმარება არ გაუწიეს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტის თანახმად, საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც აგრესიულად განწყობილი პირები ადგილს გაეცალნენ:

„თავად ეს სასულიერო პირები წავიდნენ ამ ადგილიდან, როცა გაიგეს, რომ პოლიცია მოვიდოდა, თუმცა გვითრეს, რომ არ აინტერესებდათ პოლიცია და უარყვეს ფაქტი, რომ დაგვიპირისპირდნენ“.

კეკელიას თანახმად, ამის შემდეგ ისინი — მელაშვილი და გადამღები ჯგუფი — საგარეჯოსკენ, პოლიციის შენობისკენ გაემართნენ, თუმცა ადგილობრივებმა გზა გადაუკეტეს.

ტელეკომპანიის კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდებიან სიტყვიერად აღნიშნული პირები ივერი მელაშვილს და მოუწოდებენ მას, რომ გარეჯის ტერიტორიაზე აღარ ჩავიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი