ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე „რედისონის“ 14-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება

6 მაისი, 2021 • 2246
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე „რედისონის“ 14-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება

თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, „რედისონის“ ქსელის 14-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება.

სასტუმროს მშენებლობის დამკვეთი კომპანია შპს „პარკ ჰოთელსია“. მისი დირექტორი, თორნიკე ჯანაშვილი [პარალელურად პარტია „რეფორმერის“ ლიდერი] ნეტგაზეთს ინფორმაციას უდასტურებს და თან დასძენს, რომ სასტუმროს 200 ოთახი უნდა ჰქონდეს.

შენობის პარამეტრების შესახებ ინფორმაცია უკვე წლებია, რაც ატვირთულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე.  კომპანიას 2015 წლიდან აქვს მშენებლობის ნებართვა, თუმცა ის გვეუბნება, რომ პროექტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.

„სასტუმრო იქნება 4-ვარსკვლავიანი. ეს არის ე.წ. upscale [მაღალი ხარისხის] ბრენდი, მაგრამ 5-ვარსკვლავიანი არ არის. შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე ის სასტუმროები, რომელიც მაგ ლოკაციაზე ზოგადად არის. მშენებლობა აქტიურად მიდის“, – ამბობს ჯანაშვილი.

თუ სასტუმრო აშენდება, ის  9 აპრილის ბაღს (ყოფ. ალექსანდროვის ბაღი) უნდა უყურებდეს. ყოფილი ეკონომიკის სამინისტროს მიტოვებული შენობის გვერდით. აქ წლების განმავლობაში სასტუმრო „თორი“ იდგა, ახლა კი ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს.

ამჟამად კომპანია ამბობს, რომ მშენებლობა დაახლოებით, 2 წელიწადში უნდა დასრულდეს და არ არსებობს რაიმე შემაფერხებელი გარემოება. ჯანაშვილი გვიყვება, რომ შენობის ნული სართული უკვე აშენებულია.

ფოტო: კომპანიის მიერ ატვირთული დოკუმენტაციიდან

არქიტექტურის სამსახურის საიტზე ატვირთული ცნობის თანახმად, სასტუმროს 3 მიწისქვეშა სართული უნდა ჰქონდეს, კაფე-ტერასა და ბაღი. მისი სიმაღლე 46 მეტრი უნდა იყოს.

სასტუმროს ღირებულება მშენებარე კომპანიის თქმით 25 მილიონი აშშ დოლარია. 

სასტუმროს რენდერი ჭანტურიას ქუჩაზე. ფოტო: კომპანიის მიერ ატვირთული რენდერები

ჭანტურიას ქუჩაზე „რედისონის“ სასტუმროს მშენებლობაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2015 წელს გაფორმდა. მაშინდელი გათვლებით სასტუმრო 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, დოკუმენტზე ხელმოწერას კი მაშინდელი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

„თბილისში გაიხსნება RADISSON-ის კიდევ ერთი ბრენდის სასტუმრო. თუმცა, უკვე არა 5-ვარსკვლავიან ნიშაში, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში, რაც ძალიან მოთხოვნადია ტურიზმის დღევანდელ ბაზარზე. ამ სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ 200-ზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება”, – განაცხადა 6 წლის წინ გიორგი კვირიკაშვილმა.

ნახეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

“რედისონი” თბილისში სასტუმროების ქსელს აფართოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი