ახალი ამბები

ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს

6 ოქტომბერი, 2023 • 2484
ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში, გორგასლის შესახვევ #5-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპლექსი 28 სართულისგან შედგება და მისი სიმაღლე 98.3 მეტრი იქნება. კომპლექსის საერთო ფართობი არის 17 313 მ².

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსი შედგება სასტუმროს, საცხოვრებელი და მათი დამხმარე ობიექტებისგან. მათ შორისაა საზოგადოებრივი კვებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

მრავალფუნქციურ კომპლექსს შპს “სისტემ ნეტ” აშენებს. კომპანიის დირექტორი ფრიდონ ინჯიას შვილი ილია ინჯიაა. ის კომპანიის დაახლოებით 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში საკუთარი წილი აქვს თავად დეპუტატსაც — ფრიდონ ინჯიას 15%-იანი წილის მმართველი მისი ცოლი, ლალი რუხაიაა. რუხაია, თავის მხრივ, ფლობს კომპანიის დაახლოებით 6%-იან წილს. ამდენივეს მფლობელია დეპუტატის კიდევ ერთი შვილი, ხათუნა ინჯია. კომპანიის დანარჩენი ნაწილი 8 პარტნიორზეა გადანაწილებული.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა კომერსანტმა.

ფრიდონ ინჯია და მისი ცოლ-შვილიც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი