ახალი ამბები

ესენი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები – მელაშვილი თავდამსხმელებზე

4 მაისი, 2021 • 814
ესენი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები – მელაშვილი თავდამსხმელებზე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილი, რომელსაც “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფთან ერთად თავს დაეხნენ, მომხდარს ხელისუფლების მიერ პროვოცირებულად მიიჩნევს. შემთხვევა დღეს, 4 მაისს, მოხდა.

მელაშვილმა მომხდარის შესახებ “მთავარ არხთან” ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც მათ თავს დაესხნენ, ხელისუფლების მიერ არიან “შეცდომაში შეყვანილი”.

“მე ვფიქრობ, ეს ადამიანები, სასულიერო პირები და სოფლის მოსახლებაც, რომელიც დაგვხვდა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილი ხალხი. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ვიღაცამ თავში ჩაუდო, რომ მელაშვილი გამყიდველია, რაღაც გადასცა და გაყიდა… სინამდვილეში არაფერი ამგვარი არ მომხდარა.

[შეცდომაში შეყვანილია] რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ, ამ პროვოკატორების მიერ. კონკრეტულად შეგნებულად არ ვასახელებ, ზოგადად ვასახელებ ხელისუფლებას და ვადანაშაულებ ამაში, რა თქმა უნდა, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. ესენი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. წარმოიდგინეთ, სულ ალალ-მართალ კაცს ჩვეულებრივი ადამიანი მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს.

არ ვიცი, დამონტაჟებული კადრები ნახეს თუ ვინ აუხსნა და ჩაუნერგა, მათ რატომღაც ჰგონიათ,რომ ვითომ მელაშვილი ამბობს, გარეჯი საქართველო არ არის. გარეჯი საქართველოა, როგოგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე. უბრალოდ, სიმართლე ის არის, რომ ამ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რაზედაც განთავსებულია ეს ისტორიული სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა, ამის ნაწილი საბჭოთა კავშირის დროს, 1921 წელს და მერე, 1929 წელს მოხვდა აზერბაიჯანის მხარეს. ეს არის ფაქტი, რაზეც დღემდე ვაპირებთ და სულ იმას ვცდილობდით, რომ პირიქით, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ესენი კიდევ ვიღაცამ გაახელა და გააღიზიანა”, — ამბობს მელაშვილი.

მელაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ადამიანებს, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, წინასწარ დაურეკეს და გააფრთხილეს, რომ დავითგარეჯაში მიდიოდა.

“მე მგონი, ვიღაცამ სპეციალურად დაურეკა, უთხრა და განაწყო, რომ ახლა მოდიან და აბა, მოკითხეთ ჭკუა და სამართალიო. კარგია, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ გვინდაო და უბრალოდ კითხვები გვაქვსო. მე ვუთხარი, თუ კითხვები გაქვთ, კი ბატონო, მზად ვარ პასუხისთვის, მაგრამ პასუხები არ აინტერესებთ. ერთს რაღაცას ვუხსნი, მეორე სულ სხვა რაღაცას ამბობს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უფრო ცუდს ვიტყვით”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

 

“მთავარი არხი” გარჯში მათ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ვრცლად წაიკითხეთ: https://netgazeti.ge/news/539824/

Posted by Netgazeti on Tuesday, 4 May 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი