ახალი ამბები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

4 მაისი, 2021 •
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი “USCGC HAMILTON” (WMSL 753) შემოვიდა.

ამერიკულ დელეგაციას დახვდნენ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

USCGC HAMILTON ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ნავსადგურში შემოსვლამდე, აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების – “დიოსკურიასა” და “ოჩამჩირეს” მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს.

ვიზიტის ფარგლებში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურ ტიმ ქრონინთან შეხვედრას გამართავს ბათუმის სამმართველოში. ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში. ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ “ჰამილტონზე” უმასპინძლებენ.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.


შავ ზღვაში ჰამილტონის კლასის ამერიკული ხომალდი ბოლოს  2008 წელს შემოვიდა.

რუსული მხარის პოზიციის თანახმად, რეგიონის არაწევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობა ვერ უზრუნველყოფს შავი ზღვის სტაბილურობას.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, ამერიკული ხომალდები, დასავლურ და თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხომალდები ზღვაში არ შემოვიდოდნენ.

შავ ზღვაში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და აკვატორიის წევრი სახელმწიფოების რეგიონული უსაფრთხოების როლების შესახებ გირჩევთ “ნეტგაზეთის” მასალას, რომელიც უკრაინის კრიზისის დროს, აპრილის თვეში მომზადდა.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი