ახალი ამბები

ბოლო ერთი წელიწადში ზეთი და ცხიმი გაძვირდა 40.2 %-ით | აპრილის ინფლაცია

4 მაისი, 2021 • 1289
ბოლო ერთი წელიწადში ზეთი და ცხიმი გაძვირდა 40.2 %-ით | აპრილის ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ ტრანსპორტის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ავეჯისა და სახლის მოვლის და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფებში.

გარდა ამისა, ქვეყანაში გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ალკოჰოლი და თამბაქო, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, განათლება, დასვენება და გართობა.

ფასების ცვლილება სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით – საქსტატი 2021 აპრილი

საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა ე.წ. კომუნალურების ჯგუფში, რაც 0.07 პროცენტით აისახა თვის ინფლაციის მაჩვენებზე.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა ფასები ყველა პროდუქციისა და მომსახურების ყველა ჯგუფში, მათ შორის ყველაზე მეტად გაძვირდა სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 15 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა – 13.8 პროცენტით, ტრანსპორტი- 12.4 პროცენტით.

ფასების ცვლილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში – საქსტატი 2021 აპრილი

 

საქსტატის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), თევზეული (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2 პროცენტი), ასევე, ხილსა და ყურძენზე (-18.2 პროცენტი);

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, წლიური მიზნობრივი ინფლაცია 3 პროცენტია, რასაც 4.2 პროცენტით აღემატება არსებული მონაცემი.

28 აპრილს, მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ასევე 7.2 პროცენტი იყო, ეროვნულმა ბანკმა ერთი პროცენტული პუნქტით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რამაც საბოლოოდ 9.50 პროცენტი შეადგინა.

შედეგად, რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომელთაც სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზე ჰქონდა მიბმული, მომსახურების პროცენტი დ,ა შესაბამისად, ყოველთვიური გადასახადი თანხა გაუძვირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი