ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
მსახიობი რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც პირველი მაისის დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე, რიგითი მოქალაქეები მივიდნენ.
კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გასული წლის ნოემბერში მას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი მსახიობი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კავსაძე ვირუსისგან დეკემბერში გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯანმრთელობის შემდგომი გართულების გამო მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა საჭირო.
კახი კავსაძე 1935 წლის 6 ივნისს დაიბადა. ის 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.
კავსაძის კინოდებიუტი 1950-იან წლებში შედგა, რის შემდეგაც 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა.