ახალი ამბები

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

27 აპრილი, 2021 • 2312
კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ცნობილი ქართველი მსახიობი დღეს, 27 აპრილს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია შაბათს, პირველ მაისს გაიმართება.

კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდასტურდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა ჯანმრთელობის შემდგომი გართულების გამო მისი კლინიკაში დაბრუნება კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძის ხსოვნას დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში წუთიერი დუმილი მიაგეს.

კახი კავსაძე 1935 წლის 6 ივნისს დაიბადა. ის 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მან შეასრულა ისეთი როლები, როგორიცაა ადამი (“ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია (“გუშინდელნი”), დევდარიანი (“საბრალდებო დასკვნა”) და სხვა.

კავსაძის კინოდებიუტი 1950-იან წლებში შედგა. მან 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ბელა მირიანაშვილი 1992 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამსახიობო კარიერი განმავლობაში ბელა მირიანაშვილმა შეასრულა არაერთი როლი ქართულ ფილმებში. მათ შორის მონაწილეობა მიიღო კინოსურათებში “საბუდარელი ჭაბუკი”, “მამლუქი”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “უდიპლომო სასიძო” და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი