ავტორი: დავით ჯიშკარიანი
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის აფხაზეთში, ომის შემდგომ არსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალები სრულიად უცნობია. რეალობა კი ძალიან სასტიკია. აფხაზეთი აღარაა „საბჭოთა რივიერა“ და დასასვენებელი სახლები. მის ნაცვლად გვაქვს შემდეგი მოცემულობა: ასობით ათასი დევნილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორია, აქ მცხოვრები რადიკალურად განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანები, არარსებული ეკონომიკა და რუსეთის ჯარი. ამ რთული კონფიგურაციის მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური კლასი, მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნას ერთუცნობიანის პრინციპით ცდილობს.
აფხაზეთში, რუსეთის კონტროლის პარალელურად, იცვლებიან თაობები, ფორმირდება მეხსიერება და ყალიბდება ახალი ელიტა, რომელთაც სწამთ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის. მოგვწონს ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია, რეალობა კი ამგვარია. Რეალობის შესახებ ინფორმაციის არქონა, არ ნიშნავს მსგავსი პროცესების არ არსებობას. 30 წელიწადში არამარტო საქართველოში შეიცვალა ცხოვრება, ასევე შეიცვალა აფხაზეთშიც. ამ ცვლილებების აღქმის გარეშე, რეალობის შეფასება წარმოუდგენელია.
29 აპრილს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გირგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე.“
მოწოდებაზე, რომელზეც ბატონი ლილუაშვილი საუბრობს, ერთ-ერთ ხელმომწერი მეც ვარ. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ეს მიმართვა არ მიემართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამ განცხადებას პარლამენტში მყოფ პოლიტიკური ჯგუფებისათვის, მინიმუმ უხერხულობა უნდა შეექმნა და დისკუსია გამოეწვია.
საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ქვეყნის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა ძალიან მარტივად მიანიშნა ყველას თუ „ვინაა სასტუმროში დირექტორი.“ ამ აქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისათვის იდეის დონეზე, სრულებით მისაღებია კონცეფცია, „ძალოვანებმა“ განუსაზღვრონ პოლიტიკა. მთავარი დილემა ისაა, ვინ გააკონტროლებს მათ.
ბატონ ლილუაშვილის ნათქვამში ერთი რამე ჭეშმარიტებაა. რუსეთი რეალურად ახორციელებს აფხაზეთის ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს. უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთის საკანონმდებლო, საგანმანათლებლო, სამხედრო და პოლიტიკური ელიტის სრული ჰარმონიზაცია ხდება რუსეთის სახელმწიფოსთან. ამ გადმოსახედიდან კი, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფალთა წარმომადგენლების მხრიდან ტრაფარეტული განცხადებები, შეშფოთებები და წინდებზე „რუსეთი ოკუპანტიას წერა“ ვერანაირი შველა ვერაა. ამიტომ ბატონი ლილუაშვილის ეს პოზიცია არა მომავალზე გათვლილი სახელმწიფო ჩინოვნიკის პოზიციაა, არამედ კლასიკური საშუალო სტატისტიკური ბიუროკრატის ხედვა, რომელსაც კონკრეტულ დროს პოლიტიკურ ტრენდში ყოფნა და ნაკლები თავისტკივილი სჭირდება. ამაში მისი ბრალეულება მინიმალურია, ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ მსგავსი პოლიტიკური კულტურაა.
აფხაზებთან დიალოგი სტრატეგიულად და სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამჟამად ხელისუფლებაში არსებული ბჟანია-ანქვაბი-შამბას სამეული აფხაზი ნაციონალისტები არიან. ისინი არ არიან პროქართულები, არც საქართველოსთან გაერთიანებაზე ფიქრობენ. თუმცა სამივე მათგანისთვის პოლიტიკურ ველზე არსებობს ძალაუფლების აქტორი, თბილისი. მათი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს თბილისთან ურთიერთობას და არ სურთ მხოლოდ რუსეთის იმედად იყვნენ. მათ შემდეგ აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში მოვლენ ასაკით ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომელთათვისაც თბილისი მხოლოდ საომარ მოქმედებებთან და ომით გამოწვეულ ტრამვებთან ასოცირდება. ეს ახალი თაობა რუსულ პოლიტიკურ კულუარებში გაზრდილი ხალხია და ამიტომ მათთან საუბარი წარმოუდგენლად რთული იქნება. ამიტომ აქ და ახლა მნიშვნელოვანია არსებულ ელიტასთან საუბრის დაწყება.
ბატონ ლილუაშვილს უმთავრესი პრობლემა დაავიწყდა. აფხაზეთში აფხაზების გარდა, ცხოვრობენ გალელი ქართველებიც. ისინი, როგორც აფხაზეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარიყულები და მიტოვებულები არიან. სასაზღვრო კონტროლი, რომელსაც რუსი ჯარისკაცები ახორციელებენ მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. თუმცა როდესაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები ამოქმედდა. გალელებს, რომლებიც ზუგდიდის რაიონში პენსიის ასაღებად, წამლების შესაძენად, ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად გადმოდიოდნენ რამდენიმე დღით უწევდათ საკარანტინე სასტუმროებში ყოფნა. ეს კი მათ არ შეეძლოთ. 7 აპრილს კი რუსების ჯარების მიერ უკანონოდ აღმართული საზღვრისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებული რეგულაციების თავის არიდების დროს 3 ადამიანი ენგურში დაიხრჩო. დიახ აქ საქართველოს ხელისუფლების ბრალეულობაცაა და ამას ნუ გავურბივართ.
ამას ემატება გალელების ასიმილაციისა და ძალადობრივი ეთნიკური იდენტობის ცვლილების ხელშეწყობა აფხაზეთში. ეს ადამიანები ხმას არ იღებენ, ჩუმად არიან, პოლიტიკურ სკანდალს არ აწყობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს. ზრუნვა კი მათ შესახებ აფხაზეთის ხელისუფლებასთან აქტიური საუბარიცაა.
გალში, ბევრ სახლში ორი კედლის საათი ჰკიდია. ერთ მოსკოვის (სოხუმშიც ეს დროა) დროს აჩვენებს, ხოლო მეორე თბილისისას. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ არ დაიცავს, მათზე ზრუნვის ფორმატებზე არ იფიქრებს, ფსევდო უსაფრთხოების კონცეფციებს მოიშველიებს, ადგილობრიც კრიმინალებით ეცდება საქმეების მოგვარებასა და მოყომარებას, ბატონ ლულუაშვილს ვარწმუნებ, რომ ერთ ერთ საათს ნამდვილად ჩამოხსნიან. გამოცნობა არ უნდა გაგვიჭირდეს, რომელს.
რასაკვირველია, თბილისიდან პარლამენტის ტრიბუნიდან პირდაპირი დისკუსიის საფრთხეებზე ლაპარაკი მარტივია, როდესაც ეს საფრთხეები შენს ოჯახის წევრებს, შვილებს, ახლობლებს და პოლიტიკურ გუნდსაც არ ეხება. გალელები ხომ მაინც მოითმენენ, 30 წელი სადაც გაუძლეს იქ ბლომდე “გაქაჩავენ”, სანამ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ სასაუბრო ფორმატზე არ შეთანხმდებით. თან ისე უნდა ითმინონ, რომ მათი სუსი არავინ გაიგოს. ესეც კიდევ ერთი სასაუბრო თემა პირდაპირი დისკუსიისათვის.
მკვლევარი ივანე აბრამაშვილი მის სტატიაში საუბრობს იმ ფარისევლურ კონცეფციაზე რასაც „აფხაზი და ოსი ძმები“ ჰქვია, რომელსაც „მარტივად შეუძლია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში, ცრუ წარმოდგენები, გადაჭარბებული მოლოდინები და აღქმები დაამკვიდროს, არ მისცეს მათ სათანადო სტიმული იფიქრონ საქართველოს უახლოეს წარსულზე, მიმდინარე მოვლენებზე სოხუმსა და ცხინვალში, რუსული ოკუპაციის რეალურ სიღრმეებზე, სახალხო შერიგების გზებზე და ა.შ“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კი გამოსვლაში ძმობისა და დობის იგივე კონსტრუქცია გამოიყენა და დაამატა, რომ „ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს.“ არადა თუ შენ ნამდვილად გწამს ძმობის, დედმამიშვილობის და დობის, იმაზე დიდი ბედნიერებაა რა არის, როდესაც ერთმანეთს შერჩებით. იშვიათი გრძნობა თუ შეედრება მას. გამოდის რომ ყველაზე დიდი შიში სახელმწიფოს უმნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელს პირდაპირი საუბრისა აქვს და რეალურად აფხაზებსა და ოსებს არც ძმებად და არც დებად არ აღიქვამს. ამ ხაზებს შორის გაპარული გულწრფელობისთვის მადლობა მას.
საქართველოს პოლიტიკური ელიტები, მოქმდებენ ქართული ანდაზის პრინციპით „ისევ შეჩვეული ციებ-ცხელება ჯობია შეუჩვეველსო“. მათთვის არსებული სიმბოლური პოლიტიკის წარმოება, წინდებზე „რუსეთი ოკუპანტია“, „დები და ძმები“ უფრო მისაღებია ვიდრე რთული და კომპოლექსური, სისტემაზე დამყარებულ კატეგორიებზე საუბარი. ამიტომაც, თუ ვინმემ ამ ხაზს გადაუხვია და მოწოდება გააკეთა პასუხი არ დააყოვნებს, ფრთხილად უნდა იყოს.
არ არსებობს მსოფლიოში კონფლიქტი, რომელიც ლაპარაკის გარეშე გადაწყდა. ზავს და კაპიტულაციასაც კი რაღაც ტიპის მოლაპარაკებები უძღვის წინ. თუ საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს თავს და მიიჩნევს რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისი ნაწილია, მაშინ მათთან საუბრის ენა, ფორმატი თუ ფორმატები თავად უნდა მოიფიქროს.
სუვერენიტეტი, აგრეთვე, გულისხმობს საგარეო საფრთხეების თავის არიდებასა და მეგობრებთან მეგობრობის განმტკიცებას. სუვერენიტეტი მარტივი კატეგორია არ არის. ის გაცილებით რთულია, ვიდრე პოლიტიკური სლოგანები „ჩვენ დავბრუნდებით,“ „აფხაზეთი ჩემი ტკივილია“ და ა.შ. ოღონდ აქ ერთი დეტალიცაა, სუვერენიტეტის იდეის განხორციელება პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ადამიანებს რომლებსაც პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ და არა ბიუროკრატებს რომლებსაც მუდამ აქვთ შიში რომ ვინმემ „ზევიდან“ თითი არ ჩაუკაკუნოს.
ასე, რომ საუბრის დროა. ზუსტად ახლა და აქ.