სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სუსი “გამოწვევის მსგავსს” უწოდებს რუსეთის მცდელობას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გამოეთიშოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონფლიქტს, როგორც მხარე.
“ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა — ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში ერთმანეთს არ შევრჩეთ და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე”, — განაცხადა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც სუს-ის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ.
გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს სთხოვა, პირდაპირი დიალოგის საკითხთან დაკავშირებით “გაითვალისწინონ რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს”.
ცოტა ხნის წინ საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას