ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

„აფხაზი და ოსი ძმების“ დეკონსტრუქცია

27 სექტემბერი, 2019 • 6253
„აფხაზი და ოსი ძმების“ დეკონსტრუქცია

ავტორი: ვანო აბრამაშვილი, თბილისი


“ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ძმები“… „მინდა დავარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს“…. „აფხაზი და ოსი ძმები რუსეთის მიერ გადასაყლაპად არ გვემეტება“…  საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ქართველ პოლიტიკოსთა მსგავსი განცხადებების მოსმენას მიეჩვია. 

ყოველი ეს განცხადება შეიძლება ფორმით სხვადასხვა, მაგრამ შინაარსით ერთი და იგივეა. ყველა მათგანი ერთი ფორმულის – „აფხაზი და ოსი ძმების“ გარშემო ბრუნავს, რომელზე ბანალური რამ იშვითად თუ მოიძებნება თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. 

საინტერესოა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „აფხაზი და ოსი ძმების“ ნარატივი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დასრულებიდან მალევე გამოჩნდა, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა ჯერ 2004-2005 წლებში, შემდეგ კი 2008 წლის მომდევნო პერიოდში მოიპოვა. 

ერთი შეხედვით, სიტყვათა ამ თანწყობის გამუდმებული გამოყენება შესაძლოა საზოგადოებას უწყინრად მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად ის მიანიშნებს სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის მძიმე სიმპტომებზე. 

პირველი ასეთი სიმპტომი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიჩქმალვაა. ეს შეიძლება იმ დიდი სტრატეგიის ნაწილად განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც დღეს საქართველოში არა კონფლიქტები, არამედ ერთი კონფლიქტია და ეს რუსეთ–საქართველოს შორისაა. 

ეს ლოგიკა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეტაპობრივად გაძლიერდა, თავისი არსით საქართველოს შერიგების პოლიტიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება და შინაარსისგან ცლის მას. 

მეორე სიმპტომად არაგულწრფელობა შეიძლება მივიჩნიოთ. 1990-იან წლებში გავრცელებული პოპულარული მიმართვა „სეპარატისტიდან“ – დღევანდელ „ძმობამდე“ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. შესაბამისად, ერთ ღამეში შეცვლილი მიდგომა, რეალური გადააზრების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა ხელოვნურობა, სიყალბე და ფარისევლობა. 

მესამე სიმპტომი ამ პოლიტიკის ელიტურობაა, ვინაიდან მას არაფერი აქვს საერთო რეალურ საზოგადოებრივ განწყობებთან და უბრალო ადამიანების შეხედულებებთან. კონფლიქტების დარეგულირება და რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლა ერთ–ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული პროცესია  დღეს საქართველოში. 

გარდა ამისა, 25 წლის შემდეგაც კი ქართულ პოლიტიკაში კვლავ არ ისმის დევნილებისა თუ ვეტერანების ხმა, რომელთაც უპირველესი მორალური თავისუფლება ექნებოდათ, საკუთარი თემისა და ხალხის სახელით ელაპარაკათ. ნაცვლად ამისა ეს ადამიანები კვლავ მარგინალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო პოლიტიკური ელიტა საკუთარი კომფორტის განსამტკიცებლად უშინაარსო სიტყვების ცვეთითაა დაკავებული.

მორიგ სიმპტომად ადრესატ რეგიონებში ამ პოლიტიკის არასერიოზულად აღქმა შეიძლება მივიჩნიოთ. მაშინ, როდესაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განათლების სისტემა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება უმეტესად ანტიქართულ მეხსიერებაზე, განწყობებსა და პროპაგანდაზეა აგებული, მათთვის თბილისიდან ძმობის ფიცილი არასერიოზულად და აბსურდულად აღიქმება. 

ამგვარი დამოკიდებულების შესაცვლელად, ცხადია, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ცარიელ საუბარზე უფრო მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. 

ბოლო, მაგრამ არანაკლებ საგულისხმოა ამ პოლიტიკის დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი ხასიათი. „აფხაზებისა და ოსების ძმობას“ მარტივად შეუძლია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში, ცრუ წარმოდგენები, გადაჭარბებული მოლოდინები და აღქმები დაამკვიდროს, არ მისცეს მათ სათანადო სტიმული იფიქრონ საქართველოს უახლოეს წარსულზე,  მიმდინარე მოვლენებზე სოხუმსა და ცხინვალში, რუსული ოკუპაციის რეალურ სიღრმეებზე, სახალხო შერიგების გზებზე და ა.შ.

უსაფუძვლოდ პოზიტიური საუბარი ძალიან მძიმე ვითარების გარშემო, სადაც მუდმივი სიფხიზლეა საჭირო, საზოგადოებას რეალურად პასიური პოზიციისკენ უბიძგებს. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, სიტუაციის არასწორ პოლიტიკურ ინტერპრეტაციას იწვევს, რაც სინამდვილის უნებლიე თუ მიზანმიმართულ გაყალბებას ემსგავსება. 

სამწუხაროდ, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავლის პოვნა დღეს არცთუ ისე მარტივია, ვინაიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ძირეულ გადახედვას მოითხოვს. 

1990–იანი წლებიდან მოყოლებული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ადამიანები  რეალურ კითხვებზე რეალურ პასუხებს ითხოვენ, შესაბამისად, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, გარდაქმნაც სწორედ სიტუაციის გულწრფელი შეფასებითა და საზოგადოებასთან დიალოგით უნდა დაიწყოს. 

თავის მხრივ კი ეს გარდაუვალი იქნება „აფხაზი და ოსი ძმების“ დეკონსტრუქციის გარეშე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი