მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებში იუსტიციის სახელები იმუშავებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამასთან, ამ პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.
“იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს”, — ნათქვამია განცხადებაში.
9 აპრილს მთავრობამ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა. 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს ქალაქებში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.