ახალი ამბები

ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

24 ივნისი, 2020 • 2325
ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები და სხვა – სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ

ორშაბათიდან, 29 ივნისიდან, 90-მდე სოციალური აგენტი, შესაძლოა, გაიფიცოს. ამის მიზეზი კი მათი სამუშაო პირობებია.

სოციალურ აგენტები ყვებიან, რომ მათ ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი აქვთ, თითო ოჯახზე კი დაახლოებით 4.4 ლარი ემატებათ. ამასთანავე, ხელშეკრულებები, რომლითაც ისინი მუშაობენ – მხოლოდ 1-თვიანია.

სოცაგენტები ამბობენ, რომ თუ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არ დაუშვებენ, ორშაბათიდან 280 სოცაგენტიდან დაახლოებით 90 გაიფიცება.

პარალელურად, სამინისტრო პირობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში განაახლებს სოცაგენტებთან მოლაპარაკების პროცესს, რეორგანიზაციის დასრულებისთვის კი მათ ფიქსირებულ ხელფასს 2-ჯერ გაზრდის

რას ყვებიან სოციალური აგენტები

ზეგანაკვეთური შრომა, ფიქსირებული ხელფასი 80 ლარი, ერთთვიანი კონტრაქტები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებზეც სოციალური აგენტები საუბრობენ.

იურიდიულ დახმარებას მათ უწევს “სოლიდარობის ქსელი”, რომლის წარმომადგენელი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროსა და სოციალურ აგენტებს შორის დანიშნული მედიაციის პროცესისა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. მედიაციის, ანუ მოლაპარაკების პროცესი 21 დღეა, რაც გრძელდება, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

ომსარაშვილის თქმით, ამ დროის განმავლობაში სამინისტროდან მათ არავინ შეხვედრია.

„პირველ რიგში, ვითხოვთ მინისტრთან და ასევე, სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას. თუ ეს არ მოხდება, სოციალურ აგენტებს აღარ ექნებათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ გაიფიცნონ, რაც მოხდება ორშაბათს“, – თქვა მან დღეს, 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ამავე ბრიფინგზე იმყოფებოდნენ სოციალური აგენტებიც, რომლებმაც ჟურნალისტებს თავიანთი შრომის პირობების შესახებ მოუყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, თეა ნარიმანაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც ოჯახებში სიარული სოცაგენტებს არ შეეძლოთ, სამინისტრომ გასამმაგებული ფისქირებული ხელფასი ჩაურიცხა – ანუ 240 ლარი, რომელიც მათ რამდენიმე თვე უნდა ჰყოფნოდათ.

თუმცა, გარდა ამ კონკრეტული ფაქტისა, სოციალური აგენტები სისტემურ ხარვეზებზე და მძიმე შრომით პირობებზე საუბრობენ.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც იღებენ ინტერვიუს ოჯახებში. ოჯახი უპირველესად მიმართავს სააგენტოს განაცხადით, რომ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. შემდეგი ეტაპი არის უკვე ჩვენთვის შესასრულებელი. მივდივართ სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით, მათი დაკანონებული კითხვებით, რომელიც მდიდარსა და ღარიბს ვერ არჩევს.

ამ ნაშრომს შემდგომ ვაბარებთ და ამ სამუშაოში ვიღებთ 4.8 ლარს. უკვე 13 წელია, არცერთი თეთრით არ ყოფილა ზრდა. იყო ფიქსირებული 80 ლარი, რომელსაც სააგენტო ხან ეძახის სამგზავრო ხარჯს, ხან სამოტივაციო ანაზღაურებას, ხან ხელფასს. როდის როგორ დასჭირდება“, – ჰყვება თეა ნარიმანაშვილი.

მისივე თქმით, როდესაც სოციალური აგენტი ამა თუ იმ რეგიონში მიდის, შესაძლოა, მან ინტერვიუსთვის მეტი მიიღოს, თუმცა ის თანხაც ტრანსპორტში იხარჯება. ზოგადად კი, ტრანსპორტის საკითხი ასევე პრობლემურია. სოცაგენტები ამბობენ, რომ თბილისში  საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათი აქვთ, თუმცა ბევრგან მეტრო და ავტობუსი არ მიდის, დამატებითი ხარჯები კი ისევ მათივე ჯიბიდანაა ასანაზღაურებელი.

ფიქსირებული 80 ლარითა და 4.8-ლარიანი ინტერვიუთი სოციალური აგენტები თვეში მაქსიმუმ 170 ოჯახში შედიან, შესაბამისად, მათი ხელფასიც ცვალებადია – არის შემთხვევები, როდესაც სოციალური აგენტი 200 ლარს იღებს, არის შემთხვევები, როდესაც – 800-ს.

„ერთთვიანი ხელშეკრულება არის ძალიან დიდი სტრესი. ყოველი თვის ბოლოს ველოდებით, არ ვიცით, გაგვიგრძელდება, ექნება თუ არა ჩვენს ოჯახებს შემოსავალი თუ არა. ვერ ვგეგმავთ მომავალ თვეს, ვერც ბანკთან ვთანამშრომლობთ, ვერც შვებულებას ვგეგმავთ“, – ამატებს სოცმუშაკი.

მისივე განმარტებით, ერთთვიანი ხელშეკრულება  პროტესტისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. თეა ნარიმანაშვილი ამბობს, რომ ბევრი სოციალური მუშაკი თავადაა სოციალურად დაუცველი, შესაბამისად, მათთვის წარმოუდგენელია, თუნდაც მინიმალური ხელფასის დაკარგვაც.

რას პასუხობს სოცაგენტებს სამინისტრო

სოციალური აგენტების განცდხადების შემდეგ დღეს ბრიფინგი ასევე გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც.

მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ახლა სოციალურ სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, შესაბამისად, პერიოდულად ფიქსირებული თანხა გაორგმაგდება, 1-თვიანი ხელშეკრულება კი 6-თვიანი ხელშეკრულებებით შეიცვლება.

წოწკოლაური ამბობს, რომ მედიატორს ვადა ამოეწურა, თუმცა სხვადასხვა უწყებდან სამინისტრო დასტურს ელოდება, რომ მედიატორი ხელახლა დაინიშნოს.

„ეს პროცესები აღდგება. მათ აქამდე არ ჰქონდათ მომართული პირადად ჩემთვის. მე გამოვთქვამ სურვილს, მექნება მათთან კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში შევხვდები“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

წოწკოლაურის განმარტებით, სოცაგენტების ანაზღაურება, როგორც წესი, გამომუშავებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ნიშნული – 4.8 ლარი თითო ოჯახზე, ჯერჯერობით არ შეიცვლება. თუმცა მინისტრის მოადგილე აქვე გამორიცხავს სოციალური აგენტების სამსახურიდან გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი