ახალი ამბები

მარნეულის წყალმომარაგების 400-მდე თანამშრომელი რამდენიმე თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვს

26 აპრილი, 2021 •
მარნეულის წყალმომარაგების 400-მდე თანამშრომელი რამდენიმე თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვს

მარნეულში წყალმომარაგების კომპანია “აკელიკ გრუპის” 400-მდე თანამშრომელს ბოლო 3-4 თვის განმარვლობაში ხელფასი არ მიუღია. თანამშრომელთა ნაწილი უხელფასობას პერიოდულად აქციებით აპროტესტებს, თუმცა კომპანიისგან სრულ ანაზღაურებას მაინც ვერ იღებენ. კომპანიამ “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ტენდერში 2018 წელს გაიმარჯვა.

დღეს, 26 აპრილს, “აკელიკ გრუპის” თანამშორომლებმა მორიგი აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ნაწილს დეკემბრის თვის ანაზღაურება ჩაერიცხა, თუმცა კომპანიას კვლავ აუნაზღაურებელი დარჩა იანვრის, თებერვლის და მარტის თვის ხელფასები, ნაწილს კი ამ დრომდე არც დეკემბრის თვის ანაზღაურება მიუღია.

კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ქამრან ქარიმოვი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ კომპანიაში ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც “აკელიკ გრუპმა” კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვე არ ჩაურიცხა, კომპანიაში მუშაობა აპრილიდან შეწყვიტა. ქარიმოვის თქმით, მის ოჯახში მხოლოდ ის იყო დასაქმებული და ორ მცირეწლოვან შვილს, ცოლს და ავადმყოფ დედას უზრუნველყოფდა ფინანსურად, ამჟამად კი უმუშევრად დარჩა.

“დეკემბრის ხელფასი დღეს ჩამერიცხა, დანარჩენი თანხა ჩასარიცხია. გვითხრეს, რომ 3-4 დღეში შეიძლება კიდევ ჩაირიცხოს დარჩენილი ხელფასები, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, დაველოდებით. თუ არ ჩაირიცხა, სასამართლოს მივმართავ. ოჯახში ფინანსური პრობლემები მაქვს, დედაჩემი ავად არის, წამლების ფული სჭირდება. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და მეუღლე, რომელიც არ მუშაობს. მე აღარ მინდა უკვე ამ კომპანიაში მუშაობა, მხოლოდ ის ხელფასი მინდა, რაც ვიმუშავე”, — განმარტა ქარიმოვმა.

მისი თქმით, ხელფასების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები კომპანიას ადრეც ჰქონდა და გარკვეულ შემთხვევებში ორი თვის ხელფასი ირიცხებოდა დაგვიანებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადგილობრივი წარმომადგენლის, ქანრან მამედლის განმარტებით, ქარიმობის გარდა ფინანსური პრობლემები ექმნებათ კომპანიაში დასაქმებულ სხვა პირებსაც.

“ვიღაცები ამბობენ, რომ გზის ფულიც კი არ აქვთ, რომ გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, ვიღაცებმა თქვეს, რომ სახლში პურის ფული ვერ მიაქვთ, აქვთ კრედიტები, რადგან ხელფასს ელოდებოდნენ და დეკემბრის თვის ხელფასი, რაც ჩაერიცხებათ სრულად კრედიტის გადასახდელად იქნება საჭირო და კვლავ უფულოდ დარჩებიან. ძალიან არაჰუმანური პირობებია შექმნილი ამ ადამიანებისთვის”, — ამბობს მამედლი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, კომპანიაში განმარტავენ, რომ დეკემბრის თვის ხელფასები დასაქმებულებს ჩაერიცხებათ, თუმცა არ იციან “რა ბედი ეწევა იანვრის და თებერვლის ხელფასებს”.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” [ყოფილი EMC] აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გეგმავს მიმართოს შრომის ინსპექციას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა დაიწყოს მოკვლევა თანამშრომელბის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

როგორც “ნეტგაზეთთან” ორგანიზაციის დირექტორმა  თამთა მიქელაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები დასაქმებულებს თანხების ანაზღაურებას ჰპირდებიან, ამ დრომდე კომპანიას თანხა სრულად არ აუნაზღაურებია. მიქელაძის თქმით, ეს იძლევა ფიქრის საფუძველს, რომ კომპანია ხელფასების სახით გასაცემი თანხების ანაზღაურებას არც მომავალში აპირებს. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გეგმავს, შრომის ინსპექციისა და სამინისტროს გარდა მიმართოს სასამართლოსაც იმ შემთხვევაში, თუ “აკელიკ გრუპში” დასაქმებულები თანახმა იქნებიან.

“დღესვე გავაგზავნით განცხადებას შორის ინსპექციასა და შრომი სამინსიტროში. ამავდროულად, შრომის სამინსიტროს მოვთხოვთ ინტერვენციას და მედიაციის პროცესის დაწყებას. ჩვენ უკვე ვესაუბრებით რამდენიმე ადამიანს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში ხელფასების ანაზღაურება არ მოხდება, მათი სახელით დავიწყოთ სასამართლო შრომითი დავა.

ამ საქმეს მშრომელების ინტერესების მიღმა აქვს სხვა განზომილება. ეს არის ამ კომპანიის საკმაოდ პრობლემური ისტორია. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნაა დაწყებული, მათ შორის, აზერბაიჯანში. ასევე, მსოფლიო ბანკმა საბუთების გაყალბების გამო სანქციები დაუწესა და ყირგიზეთში მუშაობის დროს კომპანიას ასევე ჰქონდა პრობლემა მშრომელებთან, სადაც რამდენიმე მუშა გაიფიცა. ჩვენი მთავარი კითხვაა, თუ როგორ გაიმარჯვა ტენდერში მსგავსი წარსულის მქონე კომპანიამ მაშინ, როდესაც ასეთი მძიმე გამოცდილებები აქვს სხვა ქვეყნებში და ასევე ის პრობლემა, რომელიც ამ კომპანიას უნდა მოეგვარებინა [წყალმომარაგება მარნეულში და წყალარინების ქსელები ბოლნისში], ეს არის წლების განმავლობაში უმძიმესი რეალობა ამ მუნიციპლიტეტებისთვის”, – განმარტა მიქელაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივები “სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” საუბრისას ყვებიან, რომ სოფლებში, სადაც “აკელიკს” სამუშაოები 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა, ამ დრომდე დაუსრულებელია, სამუშაოების ნაწილი კი მიტოვებულია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

მიქელაძის თქმით, კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, თუმცა ის ამ არგუმენტს საფუძვლიანად არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გახდეს შესწავლის საგანი, “ხომ არ ჩანდა სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, როდესაც მაინცდამაინც ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში”. მიქელაძის თქმით, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ამ საკითხის შესწავლას აპირებს და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გამოძიებას მიმართავს.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გასარკვევად გაერტიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, რომლის კონტრაქტორიც არის სწორედ “აკელიკ გრუპი”. კომპანიის პრესსამსახურში განმარტეს, რომ კომპანიამ 12-თვიან გეგმა-გრაფიკი წარადგინა, თუმცა კონკრეტულად რას ითვალისწინებს აღნიშნული გეგმა არ დაუკონრკეტებიათ. ამასთან, წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, დაწყებულია ხელფასებიც გაცემაც, თუმცა კომპანიაში ამ ნაწილზეც ვერ დააკონკრეტეს, მოიცავს თუ არა “ხელფასების გაცემა” იანვრისა და თებერვლის თვეების ანაზღაურებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი