ახალი ამბები

სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულებს — პროფკავშირი “ერთობა 2013”

23 აპრილი, 2021 • 1152
სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურაში გაფიცულებს — პროფკავშირი “ერთობა 2013”

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” ჭიათურაში გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს. პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ერთობა 2013″ სოლიდარობას უცხადებს ჭიათურის მაღაროში გაფიცულ მშრომელებს. სრულიად ვეთანხმებით მათ სამართლიან მოთხოვნებს. ხელფასის და ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესება ჭიათურის მაღაროელებს!!!”

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 23 აპრილის დილიდან ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი გაჩერებულია. მიზეზი ათასობით მუშის გაფიცვაა. ისინი ითხოვენ ხელფასის ზრდას 50%-ით, რასაც დამსაქმებელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ჯერჯერობით არ თანხმდება.

კომპანია ხსენებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ მზად არის, მიიღოს “უპრეცედენტო გადაწყვეტილება” მუშა-მოსამსახურეთა ანაზღაურების 250 ლარით ზრდის შესახებ. პროფკავშირების გაერთიანების პრესსამსახურში ამბობენ, რომ გაფიცულებისთვის ეს შეთავაზება მისაღები არ არის.

“გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით: გაიზარდოს ხელფასები 50%-ით. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

კომპანიის საბოლოო შემოთავაზება არის 250 ლარის მატება თითოეული დასაქმებულისთვის, რაც საშუალოდ 25%-იან მატებას ნიშნავს. ეს პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის და, შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება”, — უთხრეს პროფკავშირში “ნეტგაზეთს”.

გაფიცულები დილიდან მერიის შენობასთან არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მუშები მიზანს არ მიაღწევენ.

“ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულებს ხელფასის 250 ლარით ზრდას სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი