23 აპრილის დილიდან ჭიათურაში, მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი გაჩერებულია მუშების გაფიცვის გამო. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გაფიცული მუშები ითხოვენ ხელფასის ზრდას 50%-ით, რასაც დამსაქმებელი კომპანია ჯერჯერობით არ თანხმდება.

“გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი ერთადერთი მოთხოვნით: გაიზარდოს ხელფასები 50%-ით. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

კომპანიის საბოლოო შემოთავაზება არის 250 ლარის მატება თითოეული დასაქმებულისთვის, რაც საშუალოდ 25%-იან მატებას ნიშნავს. ეს პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის და, შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება”, — აცხადებენ პროფკავშირში.

გაფიცულები დილიდან მერიის შენობასთან არიან შეკრებილი. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ მუშები მიზანს არ მიაღწევენ.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან

“გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი” — ჭიათურაში მუშები ხელფასის გაზრდას ითხოვენ