ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები 24 აგვისტოს სოფელ ჭორვილამდე მსვლელობით ჩავიდნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გამართვას გეგმავდნენ, თუმცა „მაუწყებლის“ ინფორმაციით, ჭორვილას შესასვლელში მობილიზებული პირები, სამართალდამცავებთან ერთად, მათ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
„ხმა უნდა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას, რომ ჩაერთოს პროცესებში და შეასრულოს მედიატორის როლი“, — ესაა პროტესტის მონაწილე შუქრუთის მოსახლეობის მიზანი, რომელიც 165-ე დღეა აპროტესტებს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას.
„ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც დააარსა „ქართული ოცნება“, დაბრუნდა პოლიტიკაში და რომლის სიტყვასაც წონა აქვს დღევანდელ მთავრობაში. ჩვენ არ გამოვდივართ მოწოდებით, რომ ვინმე გადადგეს. ჩვენ ქუჩაში გამოგვიყვანა ჩვენმა გასაჭირმა. […] დღეს რომ გამოდიან და ტელევიზიიდან, მაღალი ტრიბუნებიდან გვესაუბრებიან ოჯახურ ღირებულებებზე და ა.შ. ჩამოვიდნენ აქ. არაფერს ვაკეთებთ აქ გარდა იმისა, რომ ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, მაგრამ ჩვენს გაშავებას ცდილობენ“, — ამბობს გიორგი ნეფარიძე, პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 20 ივლისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმა მაღაროში სამუშაო პროცესის აღდგენა ძალის გამოყენებით სცადეს.
შუქრუთელები წლებია ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც ადგილობრივების სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. ამავე დროს, აცხადებენ, რომ უშედეგოდ ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევას და პროცესში ჩართვას. კომპანია ბრალდებებს უარყოფს და თავის მხრივ, არაერთხელ უჩივლა პროტესტის მონაწილეებს, რომ მათ ხელი არ შეუშალონ კომპანიის საქმიანობას და მანგანუმის მოპოვებას და მეტიც, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს მათგან 5 500 000 ლარის ოდენობით.
„დღეს კონსტიტუციის დღეა და ალბათ ჭიათურა თვალში საცემი მაგალითია, როგორ გვახევენ თავზე საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას. საფრთხე ექმნება თითოეული აქ მაცხოვრებელი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, არ გვაქვს მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება, გვართმევენ კერძო საკუთრების უფლებას. სახლი ენგრევა ხალხს და ვინც გაბედა ხმის ამოღება, ცდილობენ, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცენ ეს ადამიანები. პირადად მე ორწელიწადნახევარი 28 სასამართლო ჩამიტარეს. 3 კვირის წინაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა აბსურდული გადაწყვეტილება და სამი პიროვნება 1000-1000 ლარით დაგვაჯარიმა. ცდილობენ, რომ პროტესტი ჩაახშონ, ადამიანებმა ხმა არ ამოიღონ“, — ამბობს გიორგი ნეფარიძე.
შუქრუთელები ამბობენ, რომ თუ პირველ სექტემბრამდე მთავრობა პრობლემების მოგვარებაში არ ჩაერთვება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, შიმშილობისა და პირის ამოკერვის ჩათვლით.