ჭიათურაში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით “ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თქმით, მზად არის, მიიღოს “უპრეცედენტო გადაწყვეტილება” და თითოეულ მუშა-მოსამსახურეს ანაზღაურება 250 ლარით გაუზარდოს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გაფიცულთათვის ეს შეთავაზება მისაღები არ არის.
“…უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გაატარა არაერთი ღონისძიება და გასწია მნიშვნელოვანი დანახარჯები, რომლებიც მიზნად ისახავდა როგორც სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობას, ასევე, დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე გლობალური და ლოკალური გამოწვევები მაინც განსაკუთრებული სიმწვავით აისახება შრომის ბაზარზე. კერძოდ, თითქმის ყველა მიმართულებით შეინიშნება სამუშაო ძალის მასობრივი შემცირების ტენდენცია, დასაქმების ადგილების კლებისა და არსებული ადგილების შენახვის ხარჯების ზრდის გათვალისწინებით”, — აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის თქმით, “ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე”, ანაზღაურების შესაძლო მატებაზე “ჯერ კიდევ ახალი წლიდან” მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მოლაპარაკებები მაინც გართულდა, რასაც “ჯორჯიან მანგანეზი” მეორე მხარის განწყობებით ხსნის:
“ამას მოწმობს ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა”.
განცხადების თანახმად, დასაქმებულები კომპანიისთვის “უპირველესი პრიორიტეტია”, რის გამოც მზად არის, მიიღოს “უპრეცედენტო გადაწყვეტილება”.
“კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ”, — აღნიშნულია განცხადებაში.
“ჯორჯიან მანგანეზის” თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, “რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის”.
“აქვე, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესში მონაწილე თითოეულ პირს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში”, — ამბობს “ჯორჯიან მანგანეზი”.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 23 აპრილის დილიდან ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი გაჩერებულია. მიზეზი ათასობით მუშის გაფიცვაა. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ.
როგორც ორგანიზაციის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის კომპანიის ზემოხსენებული შეთავაზება:
“კომპანიის საბოლოო შემოთავაზება არის 250 ლარის მატება თითოეული დასაქმებულისთვის, რაც საშუალოდ 25%-იან მატებას ნიშნავს. ეს პროფკავშირებისთვის მისაღები არ არის და, შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება”.
“გაფიცულია 3 000-ზე მეტი ადამიანი” — ჭიათურაში მუშები ხელფასის გაზრდას ითხოვენ