საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ტაძრის იღუმენი დანიელი, რომელსაც განკვეთა ემუქრება, აცხადებს, რომ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად შესაძლოა ტაძარი დატოვოს.
იღუმენის თქმით, ის მრევლსაც მოუწოდებს, რომ ტაძარში არ მივიდნენ და მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერებთან დაპირისპირებაში არ შევიდნენ:
“ჩემს თვალში არაფერი არ არის, ადამიანიც არ არის, ისეთი ტყუილები ილაპარაკა. კრიმინალი გაამართლა, ამბიონზე ასვლა გაუმართლა [ერისკაცს] და დიაკვანს არ აქვს თურმე უფლება ამბიონზე ასვლის. ან იმ გნაცხადების მერე, მთელ საქართველოს რომ მოუწოდა, გავერთიანდეთ, ჩავალ და დამიდექით გვერდშიო. ხომ იცის, რომ მთელი სოფელი მიდგას გვერდში, დაპირისპირება იქნება, ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე. ისინი არაფერს ერიდებიან თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
მადლობა ღმერთს, მე ამას არ დავუშვებ, სისხლისღვრა ნამდვილად არ მინდა. მოვიდეს სტეფანე, მოიყვანოს მთელი საქართველოს ხალხი, მრევლს ვეტყვი, არ მოვიდნენ, მოვერიდებით და გადაწყვიტოს. წავალ ალბათ აქედან, მე ღმერთს მაინც ვიპოვი. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუები. სტეფანეს მონა ვერ გავხდები მე ქრისტეს მორჩილი ვარ” ,- ამბობს იღუმენი “თაიმერთან“.
გუშინ, 22 აპრილს მარტვილში, სალხინოს ტაძარში, სადაც წინა დღით მიტროპოლიტი სტეფანე არ შეუშვეს, დაპირისპირება მოხდა. ტვ “პირველის” ინფორმაციით, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები და ეპარქიაში მისი შემცვლელი მიტროპოლიტის, სტეფანეს მხარდამჭერები. ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მარტვილში, სალხინოში მღვდლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მის მიერ მივლენილი სასულიერო პირის ლოცვა ჩაშალა თვითმარქვია წინამძღვარმა, რომელიც აღარაა წინამძღვარი, მღვდელმოქმედება არ შეუძლია და მისი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს.
„დღეს ვაცხადებ და შაბათს აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს, რაც მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, და თუ გააგრძელა ასეთი ქმედებები, — მეც არ მომცა წირვის ჩატარების საშუალება, — გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და აღარ ექნება უფლება, რომ იყოს მღვდელმსახური. დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს შაბათამდე. მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული და შესაძლოა, აღარ განიკვეთოს“.
მიტროპოლიტი სტეფანე ასევე აცხადებდა, რომ დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განკვეთავს, თუ ისინიც არ მოინანიებენ „ამბოხს“.
მისი თქმით, სალხინოს ტაძრის წინამძღვრად მან დანიშნა მღვდელი გოჩა ლიპარელიანი.
ვრცლად წაიკითხეთ:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/339122/