ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 5500 საწოლია მობილიზებული.
“2 დღის წინ გამოიცა დამატებითი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს 1000 საწოლის დამატებას. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5500 საწოლი. აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს ვერ დავადასტურებ”, — განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1271 შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები 28 751 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან 14 187 ანტიგენის და 14 564 PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.42%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.55% იყო. საქართველოში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 301 535-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 992 ადამიანი ემსხვერპლა.