ახალი ამბები

ტიკარაძის თქმით, ენგურის ხიდთან კორონავირუსზე დღეში, დაახლოებით, 300 ადამიანს ტესტავენ

23 აპრილი, 2021 •
ტიკარაძის თქმით, ენგურის ხიდთან კორონავირუსზე დღეში, დაახლოებით, 300 ადამიანს ტესტავენ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს, 23 აპრილს, ენგურის ხიდთან მივიდა, სადაც ხუთდღიანი კარანტინის გაუქმების შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტავენ. როგორც ჟურნალისტებს ტიკარაძემ უთხრა, დღეში დაახლოებით 300 ადამიანს უტარდება ტესტი, ჯამში კი, ამ ეტაპზე ათასზე მეტი ადამიანია გადმოსული.

“ენგურის ხიდზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს ვტესტავთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეპიდვითარების კვლევასაც. ამ ეტაპზე გადმოსულია 1200-მდე ადამიანი. დღიური საშუალო მაჩვენებელი 300 ადამიანია და ძალიან სასიხარულოა, რომ მხოლოდ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა კოვიდი” — აცხადებს ტიკარაძე.

19 აპრილიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლის მსურველ გალელებს  ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად ენგურის გამშვებ პუნქტთან მოწყობილ კარვებში სწრაფი ტესტების გავლა მოუწევთ.

ქართული მხარის გადაწყვეტილებით, რომელიც მას შემდეგ მიიღო, რაც მდინარე ენგურის  გადაკვეთისას  რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, “ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება”.

კერძოდ, 19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი