Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დღეიდან გალელებს 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად სწრაფი ტესტების გავლა მოუწევთ

19 აპრილი, 2021 •
დღეიდან გალელებს 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად სწრაფი ტესტების გავლა მოუწევთ

დღეიდან, 19 აპრილიდან, ენგურის ხიდზე გადმოსვლის მსურველ გალელებს  ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად ენგურის გამშვებ პუნქტთან მოწყობილ კარვებში სწრაფი ტესტების გავლა მოუწევთ.

ქართული მხარის გადაწყვეტილებით, რომელიც მას შემდეგ მიიღო, რაც მდინარე ენგურის  გადაკვეთისას  რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, “ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება”.

კერძოდ, 19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

ენგურზე ერთადერთი გამშვები პუნქტით სარგებლობა, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს [მათ შორის პენსიონერებს, შშმ პირებს, პაციენტებს] შეუძლიათ, თუმცა, ადგილობრივებისა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების განმარტებით, აფხაზი და რუსი მესაზღვრეებისთვის ქრთამის  [დაახლოებით, 3000 რუსული რუბლი – 120 ლარი] მიცემის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია პუნქტი გადაკვეთოს. თუმცა გალელები დროის დაზოგვის მიზნით ქართული მხარის მიერ დაწესებულ 5-დღიანი კარანტინის თავიდან არიდების მიზნით აქამდე ხშირად შემოვლითი გზებით [მდინარის გადაკვეთა] სარგებლობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი