ახალი ამბებისამართალი

იქნება თუ არა ამნისტიის შესახებ რამდენიმე კანონპროექტი

22 აპრილი, 2021 • 1877
იქნება თუ არა ამნისტიის შესახებ რამდენიმე კანონპროექტი

27 აპრილს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები ამჟამად კანონპროექტზე მუშაობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი მხარეებისთვის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელია როგორც ერთი პარლამენტის წევრის მიერ, ასევე ერთობლივადაც, თუკი შეთანხმებაზე ხელწმომწერები ამნისტიის საერთო კანონპროექტზე ვერ შეთახმდებიან, არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანოში ერთის ნაცვლად ამნისტიის რამდენიმე კანონპროექტი ვიხილოთ.

ვის უნდა შეეხოს ამნისტია

გუშინ, 21 აპრილს ამნისტიის საკითხის გამო რამდენიმე განცხადება გავრცელდა. 20 ივნისს დაშავებულმა 11-მა ადამიანმა შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა და შეთანხმენის დოკუმენტის ის ნაწილი გააპროტესტა, სადაც საუბარია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება, გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა დასრულდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დავები.

გუშინვე საიამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

პარალელურად კი ოპოზიციამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაში დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის ჩადებაზე დაიწყო საუბარი. “ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული შეთანხმება ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება მთელი რიგ დანაშაულების ამნსტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ.

დღეს, 22 აპრილს “ქართულ ოცნების” თავმჯდორმარემ ირაკლი კობახიძემ კი კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება მომავალში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკავძე მიმართავს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სპეკულაციისგან, მით უმეტეს, თუ არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართულ და ხელმომწერ მხარეს.

მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამნისტიის კანონპროექტში ახლა დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის მოთხოვნა არასერიოზულობა, არაკომპეტენტურობა და საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობაა. მისი თქმით, ოპოზიციის ეს ინიციატივა მსჯელობის საგანია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თუ კანონპროექტში მსგავსი დათქმა ჩაიდება, მაშინ ეს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზეც უნდა გავრცელდეს.

“მაშინ ყველა მუხლზე ეგრე უნდა გავრცელდეს [დათქმა]. მაშინ ვერც მელია გამოვა და ვერავინ ვეღარ გამოვა. მელიაზე ან სხვებზე ვინ მისცემს თანხმობას? ხომ არიან დაზარალებული პოლიციელები, როგორ გგონიათ, ის 80-ზე მეტი პოლიციელი მისცემს თანხმობას? ისინი თუ თვლიან, რომ პოლიციელებს არ მისცემენ თანხმობას, მაშინ არც ნიკა მელიას მისცემენ დაზარალებულები”, – ამბობს მაჭარაშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ის, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი ხედვა ექნებოდა, მოულოდნელი არაა.  სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ამნისტიის კანონში უფლებადამაცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გათვალისიწინებული იყოს.

“ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ და თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩართულნი არიან ელჩები, რომლებიც ასევე ხედავენ, რომ სიტუაცია არის მყიფე, რადგან პირველი ნაბიჯი არის საფრთხილო და ისინი დაგვეხმარებიან, რომ ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართოს და შედეგიანი იყოს. ასე გავაჩინოთ ნდობა საზოგადოებაში, რომ ამ შეთანხმების აღსრულება სწორად იწყება და მივყვეთ უკვე კიდევ უფრო რთულ საკითხებს, რაც დევს ამ ხელშეკრულებაში”, — ამბობს ხათუნა სამნიძე.

იქნება თუ არა ამნისტიის შესახებ რამდენიმე კანონპროექტი?

გარდა ამნისტიის შინაარსისა, ხელწმომწერებს განსხვავებული პასუხები აქვთ კანონპროექტის ინიცირების ფორმასთან დაკავშირებით. მართალია, დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს, თუმცა არ არის დაზუსტებული, რომელ პარტიაზეა საუბარი და არც ის, რომ დოკუმენტი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივად უნდა დარეგისტრირდეს.

სალომე სამადაშვილი, რომელმაც შეთანხმებაზე ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდეს.

“საბოლოოდ ერთი კანონი უნდა მივიღოთ, მაგრამ შესაძლოა, წარდგენილი იყოს ორი პროექტი და შეჯერებული ვარიანტი იყოს. მე საერთოდ არ მესმის, რატომ არის ამ ამნისტიის პროექტში, რომელიც იმ თავში შედის, რომელიც პოლიტიკურ დევნას შეეხება, რატომ ჩათვალა “ოცნებამ” აუცილებლად სამართალდამცავების საკითხის დასმა. მაგრამ ეს არის შეთანხმება. ორი მხარე აქვს შეთანხმებას და ეს არის მეორე მხარის – “ქართული ოცნების” პოზიცია, რომ საუბარია 3 პოლიციელზე, რომელიც სურთ, რომ შეიყვანონ ამ ამნისტიის შემადგენლობაში. ეს არ არის ჩვენი პოზიცია. ამ 3 ადამიანის შეყვანა რომ სურს “ოცნებას”, ეს ჩვენ ვიცით” – მბობს სამადაშვილი “რუსთავი 2-თან”.

თუმცა, ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, სამადაშვილი ამბობს, რომ არ შეთანხმებულან იმაზე, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეიძლება იმ საქმეებზეც გავრცელდეს, რომელიც მომავალში შეიძლება აღიძრას.

“ამნისტიის კანონპროექტის დაწერა კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში მოხდება. ამ ადამიანებისთვის ბრალი წაყენებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებაზე. ამ მუხლს ამნისტია დაფარავს. კონკრეტულად მათ რა აქვთ გაკეთებული, ამაზე ჩვენ ვისმენდით სხვადასხვა ადამიანის აზრს და პროკურატურაშიც გავაგზავნე ხელმოწერა ინფორმაციის გამოთხოვაზე. დეტალურად გავერკვეთ ვითარებაში[…] როგორ მოხდება განხილვა ამ პროცესში და სად მივალთ საბოლოოდ, საჯარო იქნება დისკუსია, საზოგადოებას ეცოდინება. ამიტომ უტრირება არის, რომ მაკო გომურის დაზიანებაზე პასუხისმგებელ პოლიციელზეა საუბარი. ასე არ არის. საუბარია, რომ მომავალში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერავის მოვთხოვთ ბრძანების გამცემს, ეს ასე არ არის. აქ საუბარია კონკრეტული მუხლებით. შესაბამისად, მომავალში თუ გამოძიება დამატებით დაადგენს რამეს და ეს ამნისტია მომავალში სხვა რამეზე გაგრძელდება, ეს ასე არ არ არის, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ შეთანხმების შესრულება ერთ შეთანხმებულ კანონპროექტს ნიშნავს, რომელიც კანონად გადაიქცევა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებას” განსხვავებული პოზიცია აქვს, ქვეყანაში ერთი კონსტიტუცია არსებობს.

“ჩვენ ჩვენი კანონპროექტი გვექნება მომზადებული და ხელისუფლებასაც შეუძლია დაარეგისტრიროს თავის ვერსია. არ არის ეს შეზღუდული. მთავარია, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული, კონკრეტულად ვინ უნდა დააინიციროს, ასეთი რამ არ წერია. ეს არ არის სირთულე, ვინ დააინიცირებს ამ კანონპროექტს. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხალხი ვართ და ვმუშაობთ კანონპროექტზე, შენ როგორ წარმოგიდგენია ეს კანონი, ამაზე თუ არ იმუშავე… ჩვენ  გვაქვს ჩვენი ხედვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და თუ ეს ხედვები დაემთხვევა… ვინ დაარეგისტრირებს, ეს არის ჩემთვის ტექნიკა. მთავარია, რა ეწერება კანონში და კანონი იყოს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს”, — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის განსხვავებული პოზიციისა, საბოლოოდ ამნისტიის კანონს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით მიიღებენ. მისი თქმით, პარლამენტმა ისეთი კანონი რომ მიიღოს, რომელიც ამნისტიას გაავრცელებს კონვენციით აკრძალულ დანაშაულებზე, მას საერთაშორისო ტრიბუნალები გააუქმებენ.

“კონსტიტუცია, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალი, გვეუნება, რომ არის მთელი რიგი უფლებადარღვევების სახეობები, როგორიცაა არადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის ხელყოფა, რომ ამ საკითხებზე ამნისტია არ შეიძლება. ამიტომ ეს კანონით ვერ შეიცვლება, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი მოცემულობა. ჩვენ როცა ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას, ჩვენ ვიცოდით, რა სამართლებრივ რეჟიმში ვაწერთ ხელს და ვინმემ არ იცოდა ეს? მაშინ უნდა ჩაეწერათ, რომ ეს შეთანხმება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას და გასაგები იქნებოდა და არ მოვაწერდით ხელს”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, სამართალდამცავებზე ამნისტიის გავრცელება მხოლოდ ისეთ დანაშაულებზე შეიძლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა კონვენცია არ კრძალავს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ამნისტია დაზარალებულთა თანხმობით უნდა გავრცელდეს.

“ხოლო ის დარღვევები, რომელიც არ ჯდება ამ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელზეც ავტომატურად აკრძალულია ამნისტიის განხორციელება, ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც შესაძლებელია უფლებადამრღვევი დანაშაულების ამნისტირება, ეს არის მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით. დაზარალებულები ამ პროცესის ობიექტები ხომ არ არიან? ვერ მოვეპყრობით მათ როგორც ნივთებს. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულების შემოყვანით ამ პროცესში, მათი სრული უფლებების აღიარებით უნდა დავიწყოთ ეს პროცესი და მხოლოდ ისინი თუ განაცხადებენ თანხმობას, მაშინ უნდა განხორციელდეს. კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ მხოლოდ დაზარალებულების თანხმობით შეეხება სხვა დანაშაულს, რომელზეც აკრძალული არ არის ამნისტირება. რომელზეც საერთაშორისო სამართლითაა აკრძალული, ვერც დაზარალებულის თანხმობა გახდის ამნისტიას ლეგალურს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ საერთოდ საუბარი სამართალდამაცავებთან მიმართებაში” , – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით კი, ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტს ოპოზიცია მოამზადებს,  “ოცნება” კი საკომიტეტო განხილვებში ჩაერთვება და თავიანთი ცვლილებებსა და შეთავაზებებს წარადგენს. მისივე თქმით, საკომიტეტო განხილებში ჩართული იქნება თავადაც, რადგან ოპოზიცია თავის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს განსახილველად მხოლოდ “ოცნებას” ვერ დაუტოვებს.

“ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა დარეგისტრირდეს და ერთობლივად იმუშაოს ორივე მხარემ. საქმიან ვახშამზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად შარლ მიშელის მონაწილეობით შევთანხმდით, რომ  ჩვენ ვარეგისტრირებთ [კანონპროექტს], მერე განხილვებში ერთად მივიღებთ მონაწილეობას. ამას მოჰყვება სალომე ზურაბიშვილის მიერ რურუას გათავისუფლება და ჩვენი ჩართვაც, ხელშეკრულების შესაბამისად, საპარლამენტო მუშაობაში”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” ხათუნა სამნიძე.

სამნიძეს ვკითხეთ, შეეხება თუ არა ამნისტია სამართალდმცავებს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით, რაზეც გვიპასუხა:

“ჩვენი ხედვაა, რომ ისეთი იყოს ეს ამნისტიის კანონი, რომ გავითვალისწინოთ ეს რჩევაც და საზოგადოებრივი აზრიც, მაგრამ რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, როგორი სახით იქნება წარდგენილი ჩვენ მიერ შეთავაზებული ამნისტიის კანონი”, — ამბობს ხათუნა სამნიძე.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს, თუ ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვერსია სამართალდამცავებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებას არ გაითვალისწინებს, სამნიძე გვპასუხობს, რომ კომენტარები პროცესში უნდა გაკეთდეს და წინასწარ განწყობებით არ უნდა ისაუბრონ.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ეს რთული პროცესი გაიარონ და შესაბამისი ამნისტიის კანონი მიიღონ.

“აქ მორალიც უნდა გავითვალისწინოთ, პროცესების სირთულეც, ყველა ადამიანი, ვინც დაზარალებულია. ძალიან რთულ პროცესებში ვართ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ვხედავთ, მთლიანობაში ეს შეთანხემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი იყოს ორივე პოლიტპატიმარი, რომ ამ ტვირთის აღებაზე დავთანხმდით. ამიტომ ახლა ამ პროცესებს მივყვებით”, —ამბობს ხათუნა სამნიძე.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებში ჩართვას აპირებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძეც. მისი თქმით, ჯერ უნდა დაზუსტდეს, კონკრეტულად რა საქმეებია აღძრული სამართალდამცავებზე.

“ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცით, რომელ სამართალდამცავებზეა ლაპარაკი, რა ბრალი აქვთ მათ წარდგენილი, რა ეტაპზეა გამოძიება მათთან მიმართებაში, საერთოდ იხდიან თუ არა სასჯელს. ამიტომ ეს დეტალები უნდა დავაზუსტოთ. ვიდრე დეტალები არ ვიცით, მანამდე ჰაერზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან პრინციპულია ყველა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ დაზიანდეს.

მაქსიმალურად გავუწევთ წინააღმდეგობას, რომ ფართო ინტერპრეტაცია არ მიეცეს ამას და ამ სიაში არ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ბრძანების გამცემია და უფრო ზემოთ მდგომი თანამდებობის პირები არიან, რომელთა მიმართაც აუცილებლად შეიძლება დაგდეს პასუხისმგებლობა”, — აცხადებს პაატა მანჯგალაძე ნეტგაზეთთან.

კითხვაზე, როგორ გაუწევს წინააღმდეგობას, მანჯგალაძე გვპასუხობს:

“ბევრი საშუალება არსებობს. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, საერთოდ აღარ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. თუ ბრძანების გამცემ პირებს შეეხება კონკრეტული მუხლები და ფართო ინტერპრეტაციაზე იქნება საუბარი, მე ამას დიდი ალბათობით მხარს არ დავუჭერ”, – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

იმის შესახებ საუბარი, რომ შესაძლოა პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდეს, “ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის” ძიებაა გურამ მაჭარაშვილისთვის, რომელიც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. მისი თქმით, შეთანხმების პათოსი არის, რომ კანონპროექტის ინიცირება ერთობლივად უნდა მოხდეს და მმართველი პარტიაც ამ შეთანხმებას მიჰყვება.

“რა თქმა უნდა, კონსულტაციები გვექნება ოპოზიციის პარლამენტის წევრებთან და ერთობლივად დაიწერება ეს კანონპროექტი. არც ის არის გამორიცხული, რომ შეიძლება ოპონენტებთან ერთად დავწეროთ კანონპროექტი და ვთქვათ, რომ სხვა რომელიმე ოპოზიციონერმა ალტერნატიული ვერსია წარუდგინოს პარლამენტს, თეორიულად ვამბობ.  პროცედურულად ეს შესაძლებელია. ეს ის საკითხია, რომელიც მაღალ დონეზე შეთანხმდა და მიგვაჩნია, რომ ოპონენტებთან ერთად უნდა დაინიცირდეს”, — ამბობს მაჭარაშვილი ნეტგაზეთთან.

“პრინციპი არის შეთანხმებული, რომ 20 ივნისის პროცესებში ვინც მონაწილეობდა და ვისზეც არის აღძრული [საქმე], ამაზე უნდა გავრცელდეს ამნისტია. შენ თუ არ ეთანხმები ამას, უნდა თქვა. თუ არ ვცდები, “ლელოს” წარმომადგენელი და “ნაცმოძრაობა” ამბობს, რომ არ გვინდა ეს, მაშინ უნდა თქვა და ამას სხვა პასუხი გაეცემა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. თუ ამას ეთანხმები, დეტალები, ვინ დაწერს კანონპროექტს, პრინციპულად რთული ნამდვილად არ არის. კი ბატონო, დაიწეროს კანონპროექტი და ჩვენ ყველა შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას”, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტი 27 აპრილს დარეგისტრირების შემდეგ ბიუროზე 3 მაისს გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი