ახალი ამბები

ოქრიაშვილი: მიშელის დოკუმენტს ხელს მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერთ

22 აპრილი, 2021 • 774
ოქრიაშვილი: მიშელის დოკუმენტს ხელს მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერთ

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ  პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწერს. 

„არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა – პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა. შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საპარლმენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა.

აქვე მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია. 

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას“, – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.  

პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ/ძალა ერთობაშიას ბლოკთან ერთად მონაწილეობდა. პარტია სამ მანდატს ფლობს (კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი და მანუჩარ კვირკველია).


შარლ მიშელის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“, „ქართულმა ოცნებამ“, რესპუბლიკელებმა.

დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.

20 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა ენმ-დან წასულმა გრიგოლ ვაშაძემაც.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 20 აპრილს მოუწოდა პარლამენტის არჩეულ ყველა დეპუტატს, დილის 9 საათიდან მივიდნენ ევროკავშირის ოფისში და ხელი მოაწერონ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს.

ამის შემდეგ ენმ-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი