ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, პარტიების პარლამენტში შესვლა და რურუას შეწყალება 27 აპრილს იგეგმება

21 აპრილი, 2021 •
პრეზიდენტის თქმით, პარტიების პარლამენტში შესვლა და რურუას შეწყალება 27 აპრილს იგეგმება

საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს.

მანამდე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ რურუა 27 აპრილს გათავისუფლდებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში 27 აპრილის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

“პრეზიდენტმა 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ისევე, როგორც აშშ-ის ელჩმა, ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად, პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი”, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილს განაცხადა, რომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და ამ შეთანხმებას დაადასტურებენ მედიატორები.

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ შეთანხმება შედგება

მასალების გადაბეჭდვის წესი