ახალი ამბები

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ შეთანხმება შედგება

19 აპრილი, 2021 • 1360
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ შეთანხმება შედგება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას შეიწყალებს, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგება და ამ შეთანხმებას დაადასტურებენ მედიატორები.

ნეტგაზეთი ზურაბიშვილის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით,რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უფრო ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელ კრიტიკისა და შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს საქმითაც დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი – შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან თუ სხვისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, ამ თემით სხვების გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გავხდი დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ეს პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არცერთი ნიშნით – ეს იქნება ზნეობრივი თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი, და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მომავალი – პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, რომ მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირობით – ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალური პოლიტიკურ რეჟიმს.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი რურუას შეწყალებას წინ უძღოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ თუკი პარტიებს შორის შეთახმება შედგება, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს.

ამასთან, დღეს “ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება, რომ არ დააფიქსირებდა კრიტიკულ აზრს, თუ გიორგი რურუას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა.


გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას 4 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ არ დააკმაყოფილა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი